ფეხბურთი

22:33 | 29.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

"დილას" ამბები ხორვატიაში: შეხვედრა შუშაკთან და კატუშიჩთან

 როგორც იცით, გორის "დილა" ოლბორგიდან პირდაპირ ხორვატიაში წავიდა და იქ ემზადება სპლიტის "ჰაიდუკთან" მატჩისთვის, რომელიც 1 აგვისტოს 35000-იან "პოლიუდზე" გაიმართება. ხორვატულ პრესაში "დილას" ამბებზეც წერია და კლუბის მენეჯერის გია ისიანის სიტყვებიცაა მოყვანილი.

"კიდევ კარგი, დანიიდან საქართველოში არ დავბრუნდით და პირდაპირ ხორვატიაში წამოვედით. დროული იყო. ძალიან ცხელა და ადაპტაციაა საჭირო. გიორგი დევდარიანმა დანიური მატჩის შემდეგ მითხრა, რომ უპრიანი იქნებოდა, პირდაპირ ადრიატიკის პირას წამოვსულიყავით. სასტუმრო ინტერნეტით შევარჩიეთ. დაგვეხმარა ივო შუშაკი - საქართველოს კეთილი ნების ელჩი ხორვატიაში. პირობები მშვენიერია, მინდორი კი ცუდია, მძიმე გრუნტია" - ამბობს ისიანი.

"დილას" მწვრთნელები, ფეხბურთელები და ისიანი ქართველთათვის კარგად ნაცნობ ხორვატებს შეხვდნენ - ორ ივოს, შუშაკსა და კატუშიჩს (ამ უკანასკნელთან ინტერვიუ "მსოფლიო სპორტმა" ორიოდე დღის წინ შემოგთავაზათ).

ისიანი 14 წლის განმავლობაში მუშაობდა თბილისის "დინამოში", შუშაკი კი, როგორც იცით, 2002-2004 წლებში იყო დინამოელთა მწვრთნელი:

შუშაკი: "ქართველების დიდი მეგობარი ვარ. თითქმის სამი წელი ვიმუშავე საქართველოში, სადაც შესანიშნავი ხალხია. ისინი საოცრად სტუმართმოყვარენი არიან, რაც დამახასიათებელია თბილ ზღვისპირა ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისთვის. შავი ზღვაც ხომ თბილი ზღვაა".

ისიანმა კი თქვა, რომ ოპტიმისტურადაა განწყობილი და გუნდმა "ოლბორგი" თუ გამოთიშა, "ჰაიდუკის" ძლევაც უნდა შესძლოს. შეხსენებისთვის, ხუთშაბათს "პოლიუდზე" მატჩი თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.


0.123056