“ვოლფსბურგის” ნახევარმცველი დიეგო ზამთრის სატრანსფერო სეზონზე ახალ კლუბში გადასვლას არ აპირებს. ამის შესახებ გერმანულ სპორტულ გამოცემებს თავად ბრაზილიელმა ფეხბურთელმა აცნობა. ამ კომენტარამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დიეგო სავარაუდოდ უახლოეს ერთ თვეში მადრიდის “ატლეტიკოში” გადავიდოდა.
“ჩემი და “ატლეტიკოს” სატრანსფერო მოლაპარაკების შესახებ გავრცელებული ცნობა სიცრუეა. მადრიდელებთან არანაირი კონტაქტი არ მაქვს. რაც შეეხება ჩემს მომავალ კარიერას, ამ ეტაპზე მხოლოდ ერთს გეტყვით, შუა სეზონში კლუბის გამოცვლაზე არ ვფიქრობ” – განაცხადა დიეგომ, რომელსაც “ვოლფსბურგთან” მოქმედი კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება.