ფეხბურთი

11:21 | 31.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო კოსტა: “ესპანეთს ძლიერ მივეჯაჭვე”

მადრიდის “ატლეტიკოს” ბრაზილიელმა თავდამსხმელმა დიეგო კოსტამ იმ მიზეზებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა, რის გამოც საკუთარი არჩევანი ესპანეთის ნაკრების სასარგებლოდ გააკეთა.

25 წლის ბრაზილიელი ესპანეთში 2007 წლიდან თამაშობს, მადრიდის “ატლეტიკოში” კი, 2010 წლიდან ირიცხება. მას სამხრეთამერიკელთა ეროვნული გუნდის მაისურით ორ ამხანაგურ მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, მაგრამ ახლახანს ესპანეთის მოქალაქეობა მიიღო და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის რიგებში სურს საერთაშორისო კარიერის გაგრძელება.

ამან ბრაზილიაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და ქვეყნის უპირველესი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ფელიპე სკოლარიმ თქვა - მან მილიონობით ადამიანს შეაქცია ზურგიო. მიუხედავად ამისა, დიეგო კოსტა იმედოვნებს, რომ მის გადაწყვეტილებას ყველა გაგებით შეხვდება და უკვე ნოემბერში ესპანელთა შემადგენლობაში დებიუტი ექნება.

“ვიმედოვნებ, რომ ჩემს გადაწყვეტილებას გაიგებენ. მისი მიღება იოლი არ გახლდათ და ყველაფერი კარგად ავწონ-დავწონე. არჩევანი ასეთი იყო - ან იმ ქვეყნის სახელით უნდა მეთამაშა სადაც დავიბადე, ან იმის, რომელმაც ძალიან ბევრი მომცა. დადებითი და უარყოფითი მხარეების შეფასების შემდეგ გადავწყვიტე, რომ ჯობდა ესპანეთის სახელით მეთამაშა. სწორედ ამ ქვეყანაში გავიზარდე, აქ გავხდი კვალიფიციური ფეხბურთელი და აქ ყველას ძალიან ვუყვარვარ. ესპანეთზე ძლიერ ვარ მიჯაჭვული. სწორედ ესპანელები აფასებენ იმას, რასაც ვაკეთებ და მსურს ყველას მადლობა გადავუხადო. გადაწყვეტილება არა ბრაზილიის საწინააღმდეგოდ, არამედ საკუთარი სურვილებიდან გამომდინარე მივიღე” - განუცხადა დიეგო კოსტამ მადრიდის “ატლეტიკოს” ოფიციალურ საიტს.

ესპანეთის ნაკრებს ნოემბერში ორი ამხანაგური მატჩი ელის რუსეთისა და გაბონის ნაკრებების წინააღმდეგ და სავარაუდოდ, დიეგო კოსტას დებიუტი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონების როგებში სწორედ მაშინ შედგება.

 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113363