მსოფლიოს 2014 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, ბელარუსის ნაკრებთან მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ფრანგთა დამრიგებელმა დიდი დეშამმა განაცხადა, რომ მისმა გუნდმა შეტევაში უფრო ეფექტურად უნდა ითამაშოს, ვიდრე ქართველებთან დაპირისპირებაში აჩვენა.
- საქართველოსთან ფრის შემდეგ უფრო მეტი კონცენტრაცია რაზე გააკეთეთ: საწვრთნელ პროცესზე თუ იმაზე რაც არ გამოგივიდათ?
- ჩვენ განსაკუთრებულად რამეში გარკვევა არ გვჭირდებოდა. რა თქმა უნდა, შედეგმა არ დაგვაკმაყოფილა, მაგრამ ფეხბურთელებმა ჩვეულებრივი აღდგენითი ვარჯიში ჩაატარეს. მოთამაშეებმა იმაზე კი არ უნდა იფიქრონ რაც არ გამოუვიდათ, არამედ მომავალი მატჩისთვის უნდა მოემზადონ, რომ ფეხბურთისგან ისიამოვნონ.
- გარდა შეტევების შედეგიანი დასრულებისა, რაც საქართველოსთან მატჩში არ გამოგივიდათ, მომავალ შეხვედრაში თქვენი შეგირდების შესრულებით რისი ხილვა გსურთ?
- ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი შეტევების დასრულებაა. საქართველოსთან მატჩში მე-15 წუთიდან მე-60 წუთამდე საგოლე მომენტები არასაკმარისად შევქმენით. მსურს, რომ მომავალ თამაშში ჩემმა ფეხბურთელებმა მეტოქის კართან უფრო ინტენსიურად იმოქმედონ.
- ელოდებით, რომ ბელარუსთან უფრო ეფექტურად ითამაშებთ და განწყობაც შეიცვლება?
- რა თქმა უნდა. საქართველოსთან მატჩში 7 საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ. სხვა თამაშებში მსგავსი რამ არ მომხდარა, მაგრამ ვიმარჯვებდით. ჩემი შეგირდები მომავალ მატჩში მოედანზე დამუხტულები უნდა გავიდნენ, რადგან ისინი საფრანგეთის ნაკრებში თამაშობენ.
- ბოლო პერიოდში მასმედიაში საფრანგეთის ნაკრებზე ბევრი ნეგატიური რამ ითქვა. ამის შესახებ რას ფიქრობთ?
- გეთანხმებით, რომ ბევრი ნეგატიური დაიწერა, რაც გუნდის წარუმატებელ თამაშს უკავშირდება. კრიტიკის უფლება ყველას აქვს, მაგრამ ეს ჩემს გადაწყვეტილებებზე არ იმოქმედებს.