ფეხბურთი

1:51 | 25.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

Deutschland, Deutschland über alles

ლევანგოლსკი!

რომ არა მატს ჰუმელსის მიერ მისი დონის ფეხბურთელისთვის შეუფერებელი შეცდომა, ერთი დღის წინათ გამართულ თამაშში დაფიქსირებულ ანგარიშში მხოლოდ გუნდების სახელები შეიცვლებოდა, ანგარიში კი იგივე იქნებოდა... თუმცა, “დორტმუნდში”, მატს ჰუმელსის გარდა, რობერტ ლევანდოვსკიც თამაშობს.

90 წუთის განმავლობაში შექმნილი 3 სახიფათო მომენტი, აქედან ერთი მეტოქის მიერ ნაჩუქარი – ესაა ჩემპიონთა თასის მეათედ მოსაგებად მომართული მადრიდის “რეალის” მონაგარი დორტმუნდში გამართულ შეხვედრაში. ჟოზე მოურინიოს მცველებმა კი, “დორტმუნდის” “ფალავანს”, რობერტ ლევანდოვსკის ვერაფერი დაუპირისპირეს და ჰორიზონტზე ჩემპიონთა ლიგის გერმანული ფინალი გამოჩნდა.

პირველი სახიფათო მომენტი მე-7 წუთზე შეიქმნა. როისის სოლორეიდისა და დარტყმის შემდეგ, დიეგო ლოპესმა კარგად ითამაშა, დამატებაზე მოთამაშე ლევანდოვსკიმ ბურთს ვერ მიუსწრო და “რეალის” კარში გოლის გასვლა 1 წუთით გადაიდო.

მე-8 წუთზე, “დორტმუნდმა” შეტევა ჩაბი ალონსოს მიერ საკუთარ ნახევარზე გაკეთებული არაზუსტი გადაცემის შემდეგ დაიწყო. მასპინძლებმა იერიში მარცხენა ფლანგზე განავითარეს, რასაც გიოტცეს მიერ ბურთის საჯარიმოში ჩაწოდება და ლევანდოვსკის ზუსტი დარტყმა მოჰყვა.

“რეალმა” პირველ ტაიმში ერთადერთი სახიფათო მომენტი 43-ე წუთზე შექმნა. საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს ძალიან უყურადღებოდ მოთამაშე ჰუმელსმა ბურთი იგუაინს ჩააბარა, ხოლო არგენტინელმა ცარიელი კარის წინ მდგომი რონალდუ მოძებნა და გათამაშების საუკეთესო ბომბარდირს ანგარიშის გათანაბრება არ გასჭირვებია.

თამაშის განახლებიდან 5 წუთში, როისის გადაცემით მეკარესთან პირისპირ გასულმა ლევანდოვსკიმ ბრუთი კარგად დაამუშავა და დუბლი გაიფორმა.

ხუთ წუთში, შმელცერის შორეული დარტყმის შემდეგ, ბურთი მოდრიჩს მოხვდა და რიკოშეტით ლევანდოვსკისთან მივიდა. პოლონელი პეპეს ელეგანტური მოძრაობით გაუსწორდა და მეკარისგან მარცხენა ზედა კუთხეში ზუსტად დარტყმის წყალობით, გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე, “რეალს” ჰეთ თრიქი გაუფორმა.

66-ე წუთზე, ლევანდოვსკის გახდა პირველი ფეხბურთელი ევროტურნირების ისტორიაში, რომელმაც “რეალს” ერთ მატჩში 4-ჯერ გაუტანა. ჩაბი ალონსომ, საკუთარ საჯარიმოში, როისს ხელი უბიძგა და არბიტრს პენალტის დანიშვნის საფუძველი მისცა, ხოლო ლევანდოვსკიმ ზუსტად დაარტყა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა. ამ დარტყმის შემდეგ, ლევანდოვსკი იქცა ერთადერთ ფეხბურთელად, რომელმაც ერთ მატჩში 4 გოლის გატანა ჩემპიონთა თასის/ლიგის ნახევარფინალში მოახერხა.

შეხვედრის ბოლო წუთებზე, სტუმრებმა 2 სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ რონალდუს თავურს ვაიდენფელერი ადგილზე დაუხვდა, ხოლო ვარანმა კარს მცირედით ააცილა.

ერთ კვირაში გასამართი მატჩის წინ, “რეალი” ძალზე რთული ამოცანის წინაშე დგას, მაგრამ მადრიდელთა მისია იმდენად შეუსრულებელი არაა, როგორც მათი პრინციპული მეტოქის, “ბარსელონასი”.

 

დორტმუნდი-რეალი 4:1 (1:1)

დორტმუნდი, “სიგნალ იდუნა პარკი”

დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი, პიშჩეკი (გროსკროიტცი 83), სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი, ბენდერი, გიუნდოგანი (შიბერი 90), კუბა (კელი 82), გიოტცე, როისი, ლევანდოვსკი.

მწვრთნელი: იურგენ კლოპი.

რეალი (4-2-3-1): ლოპესი, რამოსი, ვარანი, პეპე, კოენტრაუ, ხედირა, ალონსო (კაკა 80), იოზილი, მოდრიჩი (დი მარია 68), რონალდუ, იგუაინი (ბენზემა 68).

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო.

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (8), 1:1 რონალდუ (43), 2:1 ლევანდოვსკი (50), 3:1 ლევანდოვსკი (55), 4:1 ლევანდოვსკი (67, პენ).

გაფრთხილებები: ლევანდოვსკი 70 – ხედირა 54, იოზილი 64, რამოსი 90+1.

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია).

ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 9 (7)-7 (4), კუთხური: 4-2, თამაშგარე: 3-5, სეივი: 3-3, ჯარიმა: 12-13.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118207