ჩოგბურთი

22:38 | 20.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

დელბონისი - კვალიფიკაციიდან ფინალში ფედერერის გავლით

 მსოფლიო რეიტინგსიის მეხუთე ნომერმა და ჰამბურგის ტურნირის ოთხგზის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა წლევანდელი შეჯიბრების ფინალში გასვლა ვერ მოახერხა. სადიდსლემო ასპარეზობების 17-გზის ტრიუმფატორმა ჩრდილოგერმანული ქალაქის ტურნირის ნახევარფინალში კლასიფიკაციის 114-ე ნომერ, 22 წლის არგენტინელ ფედერიკო დელბონისთან 6:7 (7:9), 6:7 (4:7) წააგო.

შეხვედრა მეტად დაძაბული გამოდგა – ორივე სეტი ტაი-ბრეიკით დასრულდა, რომლებშიც დელბონისი უკეთ გამოიყურებოდა. მატჩი თითქმის 2 საათს გაგრძელდა და ამ სათამაშო დროის განმავლობაში არგენტინელის აქტივში ბრეიკი და 3 ეისია. შეგახსენებთ, მეოთხედფინალში დელბონისმა ესპანელ ნიკოლას ალმაგროს სძლია, ჰამბურგის ტურნირის ფინალში კი იტალიელ ფაბიო ფონინის შეხვდება.

“თავი ჯერ კიდევ სიზმარში მგონია. დღეს ვცდილობდი თამაშისგან სიამოვნება მიმეღო, მით უმეტეს, ჩემი მოწინააღმდეგე პლანეტის ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი იყო”, - დელბონისი ფედერერის დამარცხებით სიხარულისგან მეცხრე ცაზე გახლდათ.

როჯერ ფედერერს რაც შეეხება, 2002 წლიდან მოყოლებული სეზონის განმავლობაში მან პირველად წააგო 2 ისეთ ჩოგბურთელთან, რომლებიც რეიტინგსიის ტოპასეულს მიღმა არიან. უიმბლდონის მეორე წრეში შვეიცარიელი კლასიფიკაციის 116-ე საფეხურზე მყოფ უკრაინელ სერგეი სტახოვსკისთან დამარცხდა, დღეს კი 114-ე პოზიციაზე მყოფ ფედერიკო დელბონისთან დათმო ნახევარფინალი.

0.109579