სხვა

18:31 | 12.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

დავით რურუა: “პლეი-ოფის კენჭისყრა 30 ნოემბერს შედგება”

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები პორტუგალიიდან დღეს დილით დაბრუნდა და ორიოდ საათში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიაშურა. შეგახსენებთ, 7-10 ნოემბერს პორტუში ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ჯგუფური ტურნირი ჩატარდა, რომელზეც ქართველმა წყალბურთელებმა ხუთი შეხვედრიდან ოთხი მოიგეს და სამი ტურნირის საერთო მაჩვენებლით ევროპირველობის პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვეს.

სამინისტროში საწყლოსნო სახეობების ფედერაციისა და წყალბურთის ნაკრების ხელმძღვანელობასთან ერთად, ეროვნული გუნდის ის მოთამაშეები შეიკრიბნენ, რომლებიც საქართველოს პირველობაზე გამოდიან.

პრესკონფერენცია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ თამაზ თევზაძემ გახსნა. მან წყალბურთელებს და ქართული სპორტის გულშემატკივრებს ნაკრების წარმატებული თამაში მიულოცა და სპორტის ამ სახეობას სამინისტროს მხრიდან სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა.

“წყალბურთელებმა ძალიან გაგვახარეს. ეს უმნიშვნელოვანესი წარმატებაა და იმედია კიდევ უფრო დიდი წარმატების საფუძველი. ველით კენჭისყრას. ცოტა იღბალია საჭირო და იმედია ფინალური ეტაპის საგზურსაც მოვიპოვებთ. სათამაშო სახეობები პრიორიტეტულია სპორტში” – განაცხადა თევზაძემ.

ფედერაციის პრეზიდენტმა დავით რურუამ დამსწრეთ შეახსენა, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე კარგი თამაშით საქართველოს ნაკრები საუკეთესო სამეულში მოხვდა და პლეი ოფში მაკედონიას, თურქეთს ან ჰოლანდიას დაუპირისპირდება.

“მადლობა ყველას, ვისაც ამ წარმატებაში წვლილი მიუძღვის. მოგეხსენებათ ნაკრებში ნატურალიზებული სპორტსმენებიც გვყავს და ყველასათვის ცნობილია, რამხელა ძალას წარმოადგენენ ისინი გუნდისთვის. პორტუგალიაში ყველაზე მეტად ქართველი წყალბურთელების განსაკუთრებულად ძლიერად თამაშმა გამახარა. რაც შეეხება მომავალ ეტაპს, სამივე შესაძლო მეტოქე თითქმის თანაბარი ძალისაა, მაგრამ მაკედონიასთან შეხვედრას ყველაზე ნაკლებად ვისურვებდი. წინ ძალიან მძიმე და საპასუხისმგებლო ორი თამაში გველის და თებერვლამდე მაქსიმალურად კარგად უნდა მოვემზადოთ. კენჭისყრა 30 ნოემბერს შედგება. შევიტყობთ თუ არა მეტოქის ვინაობას, უმალ დეტალურად უნდა დავგეგმოთ მოსამზადებელი ციკლი. დარწმუნებული ვარ, სპორტის სამინისტრო ყველანაირად დაგვეხმარება” – აღნიშნა რურუამ.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ისელიძემ განაცხადა, რომ მოსამზადებელ პერიოდში ყველაზე მეტად ნაკრებს ამხანაგური მატჩები დასჭირდება და იმედი გამოთქვა, რომ ამის პრობლემა არ შეიქმნება. ნაკრების კაპიტანმა ზურაბ რურუამ კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ მომავალი პლეი ოფი მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპი იქნება.

პლეი ოფის თამაშები 2014 წლის 15 თებერვალს და 12 აპრილს მიმოსვლითი სისტემით გაიმართება. მასში ევროპირველობის 6 მონაწილე გამოვლინდება. 6-ის ვინაობა კი უკვე ცნობილია – ტურნირის მასპინძელი უნგრეთი და ევროპის წინა ჩემპიონატის საუკეთესო ხუთეულში შესული ნაკრებები: სერბეთი, ჩერნოგორია, იტალია, გერმანია და საბერძნეთი.

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების შემადგენლობა

ზურაბ ჭუმბურიძე, ბექა კაპანაძე, დამირ ცრეპულია, მარკო ელეზი, გალაქტიონ ლაითაძე, მარკო ელაჩა, გიორგი ხვედელიანი, მიხეილ ბაღათურია, ზურაბ რურუა, კონსტანტინე გეგელაშვილი, ტატო ნიკოლეიშვილი, მარინო ფრანიჩევიჩი, ბექა კაპანაძე

მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ისელიძე

მწვრთნელი: იოვან პოპოვიჩი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.496841