ლანჩხუთის “გურიამ” ექვსეული მეორე ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა, ბოლო ტურში კი “ზუგდიდთან” გასვლაზე 0:2 წააგო. “გურიას” მწვრთნელი დავით მახარაძე ნაწყენია ლანჩხუთელთა გულშემატკივრებზე, ზუგდიდში შეურაცხყოფას გვაყენებდნენო.
მახარაძე “გურიასგან” გამორიცხავს გარიგებულ მატჩებში მონაწილეობას. თემა კი აგორდა მას შემდეგ, რაც “გურიამ” “ჩიხურას” 2:0 მოუგო და ბევრის აზრით, ლანჩხუთელები ექვსეულში 6 ქულას დაუთმობენ საჩხერელებს. აქვე, მახარაძის ინტერვიუ “მსოფლიო სპორტთან”.
- რა მოხდა “ზუგდიდთან” მატჩისას?
- ქომაგები გვეძახდნენ, აღებული ფული ჩვენც გაგვიყავითო... ჰგონიათ, რომ ცხინვალის “სპარტაკთანაც” სპეციალურად წავაგეთ და “ზუგდიდთანაც”. ჩვენი გულშემატკივრები გვეძახდნენ და ძალიან მეწყინა.
- რატომ დაირხა ასეთი ხმები?
- საერთოდ, მე ამ შეთქმულებების არ მჯერა. სხვა კლუბებზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ “გურიაზე” ვიცი, რომ ასეთ ამბებში არ მონაწილეობს. არ შეიძლება, “ჩიხურას” მოვუგოთ და მერე მათ მოგვიგონ? “ბარსელონა” ვართ, რომ თამაში არ წავაგოთ? ან “ჩიხურა” რატომაა დაუმარცხებელი, არ მესმის.
- “გურიას” ქომაგებს “ზუგდიდთან” მატჩის შემდეგ ესაუბრეთ?
- არა. ლანჩხუთში მხოლოდ მატჩებს ვატარებთ, ისე კი ურეკში ვართ დაბინავებული და აქვე ვვარჯიშობთ.
- ექვსეულში რას უნდა ველოდოთ “გურიასგან”?
- ყველამ იცის, როგორ გვიჭირდა და აქამდე როგორ მოვედით. არც ახლა ვართ იდეალურად, მაგრამ ხელმძღვანელობა გვერდში გვიდგას და სავარჯიშო თუ საცხოვრებელი პირობები კარგი გვაქვს. ექვსეულში სტატისტების როლში ყოფნას არ ვაპირებთ და უნდა გავაქარწყალოთ ეჭვები, თითქოს რაიმე გარიგებებში ვმონაწილეობთ. ვისაც ჩვენი სუფთა თამაშისა არ სჯერა, არის შესაბამისი ორგანოები და გამოიკვლიონ. მიზანს რაც შეეხება, ერთია ამბიცია და მეორე – შესაძლებლობა და პირობები. ჩვენი ამბიცია და პირობები განსხვავდება. მკითხეს ევროტურნირებზე გასვლაზე, მაგრამ ხომ ისედაც ცხადია, რომ სხვებს ჩვენზე მეტი შანსი აქვთ. ცხრილს რომ გადავხედოთ, კი, ბატონო, შანსი გვაქვს, თუმცა ნაკლებად. სეზონი რომ დაიწყო, “გურიას” მიზანი ექვსეულიც კი არ იყო. დაგვისახეს უმაღლესში ადგილის შენარჩუნება, ახლა კი, აი, ექვსეულში ვართ. კიდევ ვიმეორებ, სტატისტებად ყოფნას არ ვაპირებთ და ვნახოთ.