ბუბა დაუშვილი ლოვის “კარპატისთან” ერთად თურქეთში შეკრებაზე გაემგზავრა. ამის შესახებ, საფეხბურთო კლუბ “კარპატის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
შარშან ზაფხულში, დაუშვილმა შემცირებულ ხელფასზე კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმება იუარა და “კარპატიში” პრობლემებიც შეექმნა. შედეგად, მას უკრაინის პრემიერლიგის საშემოდგომო ნაწილში პირველ გუნდში არ უთამაშია და მხოლოდ ერთხელ შეიყვანეს განაცხადში. მან რამდენიმე მატჩი დუბლებში ჩაატარა. არადა, “კარპატიში” რომ გადავიდა, ქართველი საყრდენი ნახევარმცველი გუნდის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად ითვლებოდა და სასტარტო შემადგენლობაში მუდმივად თამაშობდა.
ლვოველთა რიგებში ანთალიაში წავიდნენ ნახევარმცველი ამბროსი ჩაჩუა და თავდამსხმელი ევგენი ბოხაშვილი. ორივე მათგანი წარმოშობით ქართველია, მაგრამ უკრაინაში დაბადებულ-გაზრდილნი არიან.
“კარპატი” თურქეთში 3 თებერვლამდე დარჩება და რამდენიმე ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს.