სხვა

17:18 | 15.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

დაუმარცხებელი სამია: საქართველო, საფრანგეთი, რუსეთი

ქართველი წყალბურთელები ევროპის ჩემპიონატისკენ მიიწევენ 

როგორც უკვე ვიუწყებოდით, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მე-2 ჯგუფური ეტაპიც დაუმარცხებლად განვლო და ჯამურ ცხრილში ლიდერთა შორის იმყოფება. საინტერესოა, რომ 2 რაუნდის გათვალისწინებით, წაუგებელი სულ 3 ნაკრებია: საქართველო, საფრანგეთი და რუსეთი. ცხრილის სათავეშიც სწორედ ეს გუნდები არიან.

                                 მატჩი     ქულა       ბურთები

1. საფრანგეთი             11          31            182-67

2. რუსეთი                   10           28           181-46

3. საქართველო         10           28           119-60 

 4. სლოვენია                10           25           125-60 
5. სლოვაკეთი              10           23           120-48 
6. დიდი ბრიტანეთი    10           20           100-59   
7. უკრაინა                   10           19            89-90 
8. მალტა                      10          15            106-92 
9. პოლონეთი               10          15             62-78 
10. პორტუგალია          10          15             91-102 
11. ისრაელი                 10          13             82-76 
12. დანია                     10           9              76-124 
13. ბელარუსი              10           9              53-120 
14. მოლდოვა               11           7              88-151 
15. ჩეხეთი                   10           6              52-111 
16. შვეიცარია               11           3             83-199 

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ ისელიძის შეგირდებმა თბილისში ჩატარებულ პირველ ეტაპზე დიდი ბრიტანეთი (12:3), პოლონეთი (16:10) და ჩეხეთი (16:5) იოლად დაამარცხეს, უმთავრეს კონკურენტ სლოვაკეთთან კი ფრეს (7:7) დასჯერდნენ და პირველი ადგილი დაიკავეს.

ქართველმა წყალბურთელებმა კიდევ უფრო უკეთესი შედეგები აჩვენეს მალტაში გამართულ მე-2 ჯგუფურ რაუნდში, სადაც ყველა მეტოქეს სძლიეს. პირველ ტურში ჩვენმა გუნდმა ისრაელს 13:8 მოუგო, რასაც კიდევ 3 გამარჯვება მიაყოლა: უკრაინასთან – 15:8, ბელარუსთან – 24:7 და მალტასთან – 16:12.

გასულ მატჩებში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთი გახლდათ: ზურაბ ჭუმბურიძე, მარკო იელაჩა, დამირ ცრეპულია, მარკო ელეზი, გალაქტიონ ლაითაძე, ბექა ქავთარაძე, გიორგი ხვედელიანი, მიხეილ ბაღათურია, ზურაბ რურუა, კონსტანტინე გეგელაშვილი, ტატო ნიკოლეიშვილი, მარინო ფრანიჩევიჩი, ბექა კაპანაძე.

ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 16 გუნდი (ბულგარეთი შეჯიბრს პირველი ეტაპის შემდეგ გამოეთიშა) ჯამში სამ ჯგუფურ ეტაპზე თამაშობს, შემდეგ კი საერთო ცხრილი შედგება და მოწინავე ექვსეული პლეი-ოფში გააღწევს.

უკვე ცნობილია, რომ პირველ-მესამე პოზიციებზე გასული გუნდები პლეი-ოფში წინა ევროპის ჩემპიონატის მეათე-მეთორმეტე ადგილოსნებს – ჰოლანდიას, მაკედონიას და თურქეთს გაეჯიბრებიან, ხოლო მესამე-მეექვსე ადგილოსნები – მეშვიდე-მეცხრე ადგილოსნებს – ესპანეთს, რუმინეთს და ხორვატიას.

პლეი-ოფის მატჩები მიმოსვლითი სისტემით ჩატარდება, გამარჯვებულები კი ფინალურ ეტაპზე პირდაპირ დაშვებულ ექვს გუნდს შეუერთდებიან. ესენი 2012 წლის ევროპირველობის მოწინავე ნაკრებები – სერბეთი, ჩერნოგორია, უნგრეთი, იტალია, გერმანია და საბერძნეთი არიან.

შესარჩევი ეტაპის დასკვნითი მე-3 რაუნდი მიმდინარე წლის 11-14 ნოემბერს გახლავთ დაგეგმილი, ხოლო 2014 წლის ევროპის ჩემპიონატი უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტში 13-26 ივლისს ჩატარდება.

0.119224