მე-5 მატჩი და მასპინძელთა მე-5 გამარჯვება – ჯერჯერობით, ასე მიმდინარეობს ნბა-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერია, რომელშიც “სან ანტონიო სპურზი” და “ოკლაჰომა სიტი სანდერი” საკუთარი კედლების უპირატესობას მაქსიმალურად იყენებენ.
ამჯერად, ტეხასელთა ჯერ გახლდათ. გრეგ პოპოვიჩის შეგირდებმა მეტოქე 117:89 გაანადგურეს და სერიაში 3:2 დაწინაურდნენ. შეხვედრაში დაძაბული მხოლოდ პირველი მეოთხედი გამოდგა, რომელიც ფრედ – 32:32 დასრულდა, მომდევნო მეოთხედები კი “სპურზმა”, შესაბამისად, 10, 10 და 8 ქულით მოიგო.
სერიის მიმდინარეობით გაკვირკვება გამოთქვა “სან ანტონიოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ტიმ დანკანმაც, რომელმაც მე-5 შეხვედრაში 22 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა და მასპინძელთა შორის საუკეთესო გახლდათ. “ეს ყველაზე გიჟური სერიია, რომელშიც კი კარიერის განმავლობაში მითამაშია”.
მიუხედავად დამკვიდრებული ტრადიციისა, სერიის ოკლაჰომაში დასრულებაზე ფიქრობს ტეხასელთა არგენტინელი მცველი მანუ ჯინობილი, რომლის აქტივშიც, ამჯერად, 19 ქულა იყო.
“რასაკვირველია, ვეცდებით, საქმე მომდევნო თამაშშივე მოვითავოთ. ახლა, მეტოქე დემორალიზებულია და ეს ჩვენი შანსია. სტუმრად ძალიან ჭკვიანურად უნდა ვითამაშოთ და მათ გონს მოსვლის საშუალება არ მივცეთ. თუ არადა, წინ მე-7 საშინაო მატჩი იქნება და გასაკეთებელს იქ გავაკეთებთ”.
გამანადგურებელი მარცხის მიზეზების ძიებაში გახლდათ კევინ დიურანტი, რომლის გუნდმაც პირველ მეოთხედში 32 ქულა ჩააგდო, მთელს მე-2 ტაიმში კი – 34.
“უბრალოდ, ჩვენი ნასროლი კალათში არაფერი ვარდებოდა. უფრო აგრესიულად უნდა გვეთამაშა და შეტევაში დაშვებული შეცდომები დაცვაში კარგი გარჯით გამოგვესწორებინა, თუმცა, დღეს არაფერი გამოგვივიდა”.
სერიის მომდევნო მატჩი 1 ივნისის დილას ოკლაჰომაში შედგება.