კალათბურთი

13:32 | 28.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

დასავლეთში მასპინძელთა დომინირება გრძელდება

ნბა-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალში, რომელშიც ერთმანეთს “ოკლაჰომა სიტი” და “სან ანტონიო” ეპაექრებიან, უკვე მე-4 მატჩი მიილია, ბრძოლა კი არცერთში ყოფილა. ტეხასში გამართულ ორ შეხვედრაში მასპინძლები დომინირებდნენ, ხოლო ოკლაჰომაში გადაბარგების შემდეგ, “სანდერის” აშკარა უპირატესობა გამოიკვეთა.

დღეს დილით გამართული მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ, ოკლაჰომელები 15 ქულით დაწინაურდნენ და საბოლოოდ, გამარჯვების მოპოვებაც არ გასჭირვებიათ – 105:92. შეხვედრის გმირი რასელ უესტბრუკი გახდა, რომელმაც 40 ქულა მიითვალა და პლეი ოფებისთვის პირადი რეკორდი გაიმეორა.

“სანდერის” გამთამაშებლის აქტივში 10 პასი, 5 მოხსნა და 5 ჩაჭრაც გახლდათ. უკანასკნელი კალათბურთელი, რომელმაც პლეი ოფის თამაშში 40 ქულის, 10 პასის და 5 ჩაჭრის მოგროვება შესძლო, ლეგენდარული მაიკლ ჯორდანი იყო. მან ასეთი შედეგი 1989 წელს დააფიქსირა.

“ვფიქრობ, ცუდად არ მითამაშია, მთავარი კი ის გახლავთ, რომ მატჩი მოვიგეთ და სერიაში ანგარიში გავათანაბრეთ. მე უბრალოდ მოედანზე გავდივარ და მაქსიმუმს ვაკეთებ, რათა გუნდმა წარმატებას მიაღწიოს”, - განაცხადა უესტბრუკმა.

“ჩვენ გაცილებით უკეთ ვითამაშეთ”, - მოკლედ “მოჭრა” ოკლაჰომელთა მთავარმა მწვრთნელმა სკოტ ბრუქსმა, რომელიც გუნდის გარჯით ძალიან კმაყოფილი იყო. ეს გასაკვირიც არაა. “სანდერმა” სერიის საწყისი მატჩები ჯამში 52-ქულიანი სხვაობით დათმო და ფაქტიურად, “ფერფლიდან აღდგენა” მოახერხა.

საპირისპირო განწყობა გახლდათ ტეხასელთა ბაკანში, სადაც თამაში არავის წაუვიდა. სტუმართაგან საუკეთესოებს, ფრანგ კალათბურთელებს – ბორის დიაოს და ტონი პარკერს აქტივში მხოლოდ 14-14 ქულა ჰქონდათ, ტიმ დანკანმა 9 ქულა ჩააგდო, მანუ ჯინობილი კი 5 ქულას ვერ ასცდა.

“ძნელია რაიმეს თქმა. სულ სხვაგვარად თამაშს ვაპირებდით და არაფერი გამოგვივიდა. ოკლაჰომაში ჩატარებული ორივე თამაში “ჩაგვივარდა”. ისღა დაგვრჩენია, კონცენტრირება სერიის მე-5 შეხვედრაზე მოვახდინოთ, რომელიც უკვე ჩვენს სარბიელზე შედგება”, - აღნიშნა პარკერმა.

ცნობისთვის, მომავალ მატჩს სან ანტონიო 30 მაისის დილას უმასპინძლებს. 

 

ოკლაჰომა სიტი – სან ანტონიო 105:92 (26:20, 32:23, 25:24, 22:25)

ოკლაჰომა სიტი: უესტბრუკი (40 ქ. 10 პ. 5 მ. 5 ჩ.), დიურანტი (31 ქ.), იბაკა (9 ქ. 8 მ.), ჯეკსონი (3 ქ.), პერკინსი (2 ქ. 10 მ.); ლემბი (7 ქ.), ბატლერი (4 ქ.), ადამსი (4 ქ.), ფიშერი (3 ქ.), ჯონსი (2 ქ.), კოლისონი.

სან ანტონიო: პარკერი (14 ქ.), ლენარდი (10 ქ.), დანკანი (9 ქ.), გრინი (3 ქ.), სპლიტერი (3 ქ.); დიაო (14 ქ. 10 მ.), ჯოზეფი (11 ქ.), ბონერი (8 ქ.), ბელინელი (7 ქ.), ჯინობილი (5 ქ.), მილსი (4 ქ.), ეირსი (2 ქ.), ბეინსი (2 ქ.).

სერიაში ანგარიშია 2:2

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118922