ფეხბურთი

22:51 | 23.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

დასანანია - სერბეთთან მარცხი და ისევ სერბეთის იმედად

ამ წუთისთვის ჯერ უცნობია, როგორ დასრულდება საფრანგეთი-თურქეთის მატჩი, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ გია ცეცაძის გუნდს ჯგუფში მდგომარეობა ძალიან გაურთულდა და არცთუ დიდი შანსია იმისა, რომ ნახევარფინალში გავიდეს. და როგორც არ უნდა დამთავრდეს საფრანგეთი_თურქეთი, ბოლო ტურში სერბების იმედად ყოფნაც მოგვიწევს. გარდა იმისა, რომ თურქეთს უნდა ვძლიოთ...

ბალკანელებმა თავიანთი ძალა თურქებთან აჩვენეს და ქართველებთანაც ჰქონდათ უპირატესობა, რაც ერთ გოლში გარდასახეს. 74-ე წუთი იყო, ამჯერად მათი შეტევა თამაშგარით არ დასრულებულა, დაუღალავმა მიტროვიჩმა ეფექტური პასით თებიძესთან პირისპირ დატოვა მელეგი და მისი დარტყმულს მეკარე კი შეეხო, მაგრამ ბურთი მაინც კარში აღმოჩნდა - 1:0. მელეგი შეცვლაზე იყო შემოსული.

სწორედ ეს ეპიზოდი გამოდგა საკვანძო: სერბებმა იმ ხუთწუთიან მონაკვეთში განსაკუთრებით გააძლიერეს შეტევა და ჯერ მიტროვიჩის თავურს გაუმკლავდა თებიძე, გოლამდე ორიოდე წუთით ადრე კი მთივლიშვილმა, ფაქტობრივად, პირისპირ გასულ მელეგს ააცალა ბურთი.

არადა, მეორე ნახევრის საწყის 20 წუთში საქართველოს ნაკრები შედარებით უკეთ თამაშობდა, ვიდრე შესვენებამდე. რა ხდებოდა შესვენებამდე? ბალკანელებმა აქტიურად დაიწყეს და ცხადი ხდებოდა, სისწრაფითა და ჯანით ქართველებს აღემატებოდნენ. განსაკუთრებით ჯურჯევიჩმა და მიტროვიჩმა შეაწუხეს ქართველთა დაცვა.

თუმცა, ქართველებს კარგად გამოსდიოდათ ხელოვნური თამაშგარეები და სერბების არაერთი შეტევაც ამიტომ ჩაიშალა. პირველ ნახევარში მხოლოდ ერთხელ ჩაერთო თამაშში სერბების მეკარე, როცა ფანცულაიას საჯარიმოს შემდეგ, ბურთი კუთხურზე გადააგდო.

ცეცაძემ იგივე თერთმეტეული დააყენა, როგორიც ფრანგებთან ჰყავდა, თუმცა მეორე ნახევარში ჯერ სამუშია, შემდეგ უბილავა და კაჭარავა შეუშვა მინდორზე. კაპიტან არაბულს რაც შეეხება, ეტყობოდა, მასზე განსაკუთრებული კონტროლი იყო დაწესებული: საყრდენი ნახევარმცველი და ერთი მცველიც სულ თან დასდევდა.

და მაინც, არაბულს ცოტაღა დააკლდა მატჩის გმირობამდე: 88-ე წუთზე საჯარიმო ეშმაკურად შეასრულა და ბურთი ხარიხას მოხვდა. მეკარე აშკარად ჩაწოდებას ელოდა და კარი დაკარგული ჰქონდა. სხვა მხრივ, ბაჩანა აქტიური ვერ იყო, თან, ეტყობა, ფიზიკურადაც ვერ უძლებდა ამდენ ორთაბრძოლას. არაბულმა ბოლოს ყვითელი ბარათი მიიღო, ფრანგებთანაც ჰქონდა და ამიტომ, თურქებთან ვერ ითამაშებს. 

ბოლო 10 წუთში შეუტიეს ქართველებმა. კარგად შემოვიდა კაჭარავა და ერთხელ მისი გარღვევისა და პასის შემდეგ, სერბთა მეკარე დროულად გამოვიდა კარიდან, თორემ გოლი გარდაუვალი იქნებოდა.

გვაჯობეს... ამაში არაფერია სადავო. ბალკანელები კარგად შლიდნენ შეტევებს, ქართველებს კი გრძელი პასებისას ხშირად ჰქონდათ წუნი. თანაც, მეტოქე ძალიან მჭიდროდ თამაშობდა, თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ ცეცაძის შეგირდებს. იგივეს გაკეთებას ქართველები ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებდნენ.        

და ბოლოს, სალანძღავად ნამდვილად არ არიან ეს ბიჭები გასამეტებელნი. იბრძოლეს და წააგეს მათზე, ალბათ, ობიექტურად უკეთეს გუნდთან. ევროპაში სულ 53 ქვეყანაა, აქედან მხოლოდ 8 მოხვდა ფინალურ ეტაპზე. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებისთვის ხონჩით არავის მიურთმევია ლიტვის საგზური - ბალტისპირეთში უკეთეს თამაშს ველოდით, მაგრამ (ჯერჯერობით) არ ხერხდება და დაველოდოთ თურქეთთან მატჩს.   

 

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი. B ჯგუფი.

23.07. 19:30 საათი. მარიამპოლე. 

სერბეთი_საქართველო 1:0 (0:0)

სერბეთი: რაიკოვიჩი, გოლუბოვიჩი, მილინკოვიჩი, ანტიჩი, ფილიპოვიჩი, მაქსიმოვიჩი, ველიკოვიჩი, პავლოვსკი (მელეგი 62), ლუკოვიჩი, ჯურჯევიჩი (ოჟეგოვიჩი 88), მიტროვიჩი.

მწვრთნელი: ლიუბინკო დრულოვიჩი.

საქართველო: თებიძე, მთივლიშვილი, ჭანტურია, სანდოხაძე, დვალი, ცნობილაძე, ენდელაძე (უბილავა 64), მარკოზაშვილი (კაჭარავა 70), ფანცულაია, არაბული, ზივზივაძე (სამუშია 46).

მწვრთნელი: გია ცეცაძე.

გოლი: 1:0 მელეგი (74).

გაფრთხილება: მიტროვიჩი (8), მარკოზაშვილი (38), მაქსიმოვიჩი (51), ლუკოვიჩი (54), ველიკოვიჩი (87), ფილიპოვიჩი (90+1), სამუშია (90+3), არაბული (90+3).    

მსაჯი: ორელ გრინფილდი (ისრაელი).

 

ბოლო ტური, 26 ივლისი.

17:30. მარიამპოლე: თურქეთი-საქართველო

17:30. კაუნასი. საფრანგეთი-სერბეთი

0.118774