თბილისის “დინამოს” მაკედონიელი ლეგიონერი დარკო გლიშიჩი გუნდს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩების შემდეგ ავსტრიაში შეუერთდა. მან ჩვენი ოფიციალური საიტისთვის რამდენიმე კითხვასაც უპასუხა.
- საქართველოს ჩემპიონატიდან, როგორც ლეგიონერს დებიუტი გქონდა მშობლიურ მაკედონიის ნაკრებში. რას გვეტყოდი ამაზე და შენს მიერ ჩატარებულ ორ შეხვედრაზე?
- ჩემთვის ნაკრებში გამოძახება სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა. ვფიქრობ ამ ეტაპზე მზად ვარ ნაკრებში საასპარეზოდ და მწვრთნელმაც შემამჩნია. დებიუტი მქონდა ურთულეს შეხვედრაში შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ, სადაც 12 წუთი ვიასპარეზე. მეორე მატჩი კი ნორვეგიელთა წინააღმდეგ უკვე სასტარტო თერთმეტეულში დავიწყე. მეორე ტაიმში მწვრთნელმა შემცვალა, თუმცა ეს თავიდანვე იყო ცნობილი, რადგან სხვა ფეხბურთელებსაც უნდა მიცემოდა თავის გამოჩენის შანსი. შეხვედრის შემდეგ მწვრთნელი გამესაუბრა და შემაქო კიდეც. დიდი მონდომებით ველოდები მომავალ მატჩებშიც ასპარეზობას.
- რას იტყოდი ავსტრიაში მიმდინარე შეკრებაზე, გამართულ ტესტ-მატჩებზე და ჩვენს პერსპექტივაზე ევროასპარეზზე.
- ვიტყვი, რომ სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ, რადგან ჩვენი გუნდი ძალიან კარგად ასპარეზობს. აქ საუკეთესო მოსამზადებელი პირობები და გარემო გვაქვს. კიევის “დინამოსთან” შეხვედრაში არ გაგვიმართლა და დავმარცხდით. დონეცკის “შახტართან” გუნდი უფრო კარგი კუთხით წარმოჩინდა და ვიმარჯვეთ. “კლუჟთანაც” ძალიან სასარგებლო და საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. რაც შეეხება ჩვენს პერსპექტივებს ევროთასებზე, მე მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე აუცილებლად მოვხვდებით.
- რას გვეტყოდი “დინამოზე” და გუნდში არსებულ სიტუაციაზე.
- როდესაც აქ ჩავირიცხე, რამდენიმე შეხვედრაში დავინახე, რომ “დინამო” საქართველოში ნომერ პირველ გუნდია. საკუთარი თავი მაშინვე დავარწმუნე, რომ აუცილებლად ჩემპიონები გავხდებოდით და წარმატებული სეზონი გვექნებოდა. გუნდში თავიდანვე ყველამ კარგად მიმიღო და ეს უმნიშვნელოვანესია. არავისთან არ მქონია კონფლიქტის მაგვარიც კი. საერთოდ ძალიან გულიანი, ერთად შეკრული და მეგობრული გუნდია.
- ლეგიონერებში აშკარად გამოირჩევი ქართული ენისადმი ინტერესით. ქართულში მეცადინეობთ თუ ეს უფრო ურთიერთობებში მიღებული გამოცდილებაა?
- შეიძლება ითქვას, რომ ვსწავლობ. მე ყველასთან მშვენიერი ურთიერთობა მაქვს და ვცდილობ, მეტად დავიმახსოვრო ჩემთვის საინტერესო სიტყვები და ფრაზები. კონკრეტულად სასწავლებლად ბევრი დრო ნამდვილად არ მაქვს, თუმცა ბედნიერი ვარ ამ ურთიერთობებით და იმით, რომ უფრო და უფრო მეტად ვსწავლობ ქართულ ენას.
www.fcdinamo.ge