ხაბაროვსკის “სკა-ენერგიას” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ, ბელგოროდის “სალიუტთან” საშინაო წაგების გამო, გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა.
გიორგი დარასელია: “ეს ჩვენი პირველი საშინაო მატჩი იყო და ფეხბურთელები, მათ შორის ისინი, ვინც მოედანზე იყვნენ, სერიოზულად ემზადებოდნენ. თუმცა, რაღაც არ გამოგვივიდა, მით უმეტეს, მეორე ტაიმი შეცდომით დავიწყეთ – პენალტი მივიღეთ და ათი კაცით დავრჩით. ამის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და შეცვლაზე შემოსულმა მეორე მეკარემაც 5 წუთში შეცდომა დაუშვა. ჩვენ ამ ორი შეცდომის გამო დავმარცხდით”.
- ისე ჩანდა, რომ გაძევების შემდეგ, გუნდი უფრო დისციპლინირებულად თამაშობდა და საგოლე მომენტებიც შექმნა...
- მიზეზი ის არ იყო, რომ მოედანზე ათნი დავრჩით. მეორე ტაიმში ვგეგმავდით, რომ მოგვემატებინა, უფრო მეტი შეგვეტია, პრესინგი გვეთამაშა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ათნი დავრჩით, შემდეგ შეცდომა მეორე მეკარემ დაუშვა. როდესაც 0:2 ვაგებდით, ანგარიშის გათანაბრება ძნელი იყო.
- პრობლემები გაძევებამდეც გქონდათ – ბურთი ლუცენკომდე იშვიათად მიდიოდა. მომავალ მატჩში ტაქტიკას შეცვლით თუ კვლავ ერთი თავდამსხმელით ითამაშებთ?
- ჩვენ ორი თავდამსხმელით ვთამაშობდით. უბრალოდ, მარცვალაძეს ფლანგიდან უფრო მეტად უნდა შეეტია. გარდა ამისა, გრიგალაშვილი მეორე ფლანგზე დავაყენეთ, რომ ასევე შეეტია.
- მსაჯების მიმართ კითხვები გაქვთ?
- არა, მსაჯების მიმართ კითხვები არ მაქვს. მათ თავად იციან, რას აკეთებენ.
- საკუთარ მოედანზე პირველი თამაში ჩაატარეთ და როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ?
- მსურს, ბოდიში მოვუხადო ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც კარგი ფეხბურთის სანახავად მოვიდნენ. თუმცა, ყველაფერი წინ გვაქვს და ცხოვრება ამით არ სრულდება. ეს პირველი თამაში იყო და არ გამოგვივიდა. მომდევნო თამაშში სტადიონზე მოსულ გულშემატკივრებს აუცილებლად გავახარებთ.