ფეხბურთი

3:24 | 5.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

დანია vs საქართველო – ნაკრები რეაბილიტაციისთვის ემზადება

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დანიაში პირდაპირ ირლანდიიდან, გუშინ ნაშუადღევს ჩაფრინდა და ქალაქ ოლბორგში დაბინავდა, სადაც ადგილობრივ “ნორდისკ არენაზე“ დანიის ეროვნულ გუნდთან მორიგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

დანიაში ჩასვლის დღეს, საქართველოს ნაკრებს არ უვარჯიშია. თემურ ქეცბაიას ოლბორგში დახვდნენ ლადო დვალიშვილი და ირაკლი სირბილაძე, რომლებიც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დანიასთან მატჩისთვის გამოიძახა.

ნაკრებს ავადმყოფობის გამო გამოაკლდა და თბილისში დაბრუნდა მეკარე როინ კვასხვაძე. გუნდის ექიმებმა გამორიცხეს დავით დევდარიანის თამაშიც და დანიური “ორჰუსის“ ქართველი ლეგიონერი გუნდთან ერთად უკვე აღარაა.

ყველა დანარჩენი ფეხბურთელი ჯანმრთელადაა. ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში უკვე გამართა “ნორდისკ არენაზე“, რომელიც 14 ათას მაყურებელს იტევს. საღამოს მონაცემებით, ჯერჯერობით მხოლოდ 5 ათასი ბილეთია გაყიდული.

საღამოს ვარჯიშის შემდეგ, მცირე კომენტარი გააკეთა თემურ ქეცბაიამ.

“გულდასაწყვეტია, რომ წავაგეთ, მაგრამ წაგებასაც ხომ გააჩნია... სამწუხაროა, რომ ასეთი ანგარიშით დავმარცხდით. პრინციპში, თამაშის ძირითადი დრო 10 კაცით ვითამაშეთ. ასეთი დონის სანაკრებო თამაშებში ამგვარი შეცდომების დაშვება არ შეიძლება. ამას არავინ გაპატიებს.

კარგი იქნებოდა, ამ თამაშისთვის მოსამზადებლად ცოტა მეტი დრო გვქონოდა, ვინაიდან დანიაც ძალიან რთული მეტოქე იქნება. დარწმუნებული ვარ, ბიჭები გამოვლენ და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ის თამაში ყველას დაავიწყონ და დანიასთან სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ყველა მზადაა და ვეცდებით ჩვენს გულშემატკივრებთან რეაბილიტაცია მოვახდინოთ“ – განაცხადა ნაკრების თავკაცმა.

კომენტარები გააკეთეს ნაკრების ფეხბურთელებმაც.

ლადო დვალიშვილი: “სამწუხაროდ, პირველი თამაშისთვის ვერ ჩამოვედი, ჩემზე არ იყო დამოკიდებული. 2 ივნისს “ლეგიას“ მნიშვნელოვანი თამაში ჰქონდა. ძალიან სამწუხაროა, რომ ასე წავაგეთ... დანიასთან თამაში კი უნდა გამოვიყენოთ, რომ ის მატჩი დავივიწყოთ და დავავიწყოთ გულშემატკივარსაც“.

დავით თარგამაძე: “მძიმე თამაში გვექნება. წინა თამაშში დაშვებული ის შეცდომები უნდა გამოვასწოროთ, რის გამოც ირლანდიასთან წავაგეთ. ყველა ჯანმრთელად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ დადებითი შედეგისთვის“.

აქვე გეტყვით, რომ ამ თამაშს არ გამოტოვებს გიორგი ლორია, რომელმაც ირლანდიასთან მატჩში წითელი ბარათი მიიღო, ვინაიდან 2 ივნისი ოფიციალური ამხანაგური თამაშების თარიღი არ იყო.

დანიისა და საქართველოს ნაკრებთა შეხვედრა თბილისის დროით 22:15 წუთზე დაიწყება. ქართველი გულშემატკივარი კვლავ შეძლებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეშვეობით თამაშს პირდაპირ ეთერში უყუროს.

სფფ-ის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114188