ფეხბურთი

2:36 | 7.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

"დაღლილობას ვინ ჩივის..."

საქართველო-საფრანგეთი 0:0. მასპინძლებმა ორი ქულა დააკარგვინეს გრანდს და ახლა ერთი ნაბიჯი დარჩათ, რათა მესამე ადგილზე გავიდნენ. მატჩის შემდეგ, დავით თარგამაძეს, თორნიკე ოქრიაშვილსა და სანდრო კობახიძეს მცირე ხნით გავესაუბრეთ. აქვე, კარიმ ბენზემას კომენტარიც:

თარგამაძე: "ასეთ დაძაბულ თამაშში და ასეთ ძლიერ მეტოქესთან თამაშში ჩართვა ძნელია. დავალება მქონდა, რაც შეიძლება მეტად შემეწუხებინა ფრანგების მცველები და ართმევაზეც მეთამაშა.

... დიახ, ორივე ფლანგზე მიწევდა მოქმედება. შეცვლაზე შევედი, დასვენებული ვიყავი და უნდა გამემწვავებინა წინ თამაში. საფრანგეთის ნაკრები ძალიან ძლიერია, რთული იყო, მაგრამ ქულა ავიღეთ. ფინეთთან მატჩამდე 4 დღეა დარჩენილი და მანამდე ძალის აღდგენას მოვასწრებთ".

ოქრიაშვილი: "კარგი თამაში ჩავატარეთ და მეც თითქმის ბოლომდე კმაყოფილი ვარ, თუმცა ძალიან დამწყდა გული, რომ გოლი ვერ გავიტანე. არაუშავს, ფეხბურთია და ხდება. მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც მხარს გვიჭერდა. ბრძოლით და კარგი თამაშით მოვიპოვეთ ეს ფრე.

... ბოლოს ცოტა მუხლი მეტკინა, თუმცა საშიშია არაფერია. წინ ფინეთთან მატჩია და დაღლილობას ვინ ჩივის, უნდა მოვიგოთ".

კობახიძე: "მნიშვნელოვანი შედეგია. ქულის აღება ასეთ გრანდთან მატჩში იოლი არაა. ყველაფერი დავდეთ მინდორზე და დაგვიფასდა. ფრანგები ბევრს ეცადნენ, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხეს. მომენტები კი ჩვენც გვქონდა. 4 დღეში მორიგი კარგი მატჩი უნდა ჩავატაროთ და რა თქმა უნდა, გულშემატკივრების დიდი იმედიც გვაქვს". 

ბენზემა: "გაწბილებული ვარ. გვინდოდა, ესპანეთისთვის გადაგვესწრო, მაგრამ ეს ვეღარ მოხერხდება. კარგად ვიცი, როდის ვთამაშობ ცუდად და როდის კარგად. დღეს საშინლად ვითამაშე.

... დეშამმა რა გვითხრა? ცუდ ხასიათზე იყო, მაგრამ რა უნდა ეთქვა? ჩვენ ვერ მოვიგეთ, ფეხბურთელების ბრალია. რაც შეეხება ჩემი და ჟირუს ტანდემს, დიახ, კვლავ ვერ ვითამაშეთ შედეგიანად, მაგრამ იმედს არ ვკარგავ. მომდევნო მატჩი ბელარუსთან გვაქვს და უნდა მოვიგოთ".

0.138596