ცხინვალის „სპარტაკი“ 31 იანვრიდან მოყოლებული, სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადების მომდევნო ეტაპს თურქეთში გადის. ანთალიაში, 4 დღის განმავლობაში, ორჯერადი ვარჯიშების შემდეგ, კახი კაჭარავას გუნდმა ლარაში პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. ცხინვალელები რუმინეთის მთავარი ლიგის აუტსაიდერს, ბრაშოვის „კორონას“ დაუპირისპირდნენ და 1:0 დამარცხდნენ. აღსანიშნავია, რომ 82–ე წუთზე გამოუყენებელი პენალტის გარდა, „სპარტაკმა“ არაერთი შანსი ქარს გაატანა და ამის გამო დაისაჯა კიდეც.
რუმინელებთან მატჩში ჩვენს გუნდს ტრავმირებული მეკარე სოსლან ნანიევი და ნახევარმცველი ვაკო ტყემალაძე აკლდა. ნანიევს მუხლი სტკივა, ტყემალაძეს კი ძველმა, აქილევსის მყესის ტრავმამ შეახსენა თავი. ცხინვალელებისგან განსხვავებით „კორონა“ სრული შემადგენლობით შეხვდა ამ სპარინგს. იონელ განეს გუნდი, სპარტაკელებამდე, 31 იანვარს რუსეთის პირველი ლიგის მე–4 ადგილოსან იაროსავლის „შინიკთან“ 2:4 დამარცხდა და ამ წაგების შემდეგ, განემ შეგირდები გვარიანად შეაფუცხუნა. საგულისხმოა ის, რომ ზამთრის პაუზისას, ბრაშოველთა გუნდი 4 ახალწვეულით გაძლიერდა, მათ შორის 2 ფორვარდია (კატალინ დედუ, ვალენტინ ბალინტი), თითო კი მცველი (სერგიუ ჰომეი) და ნახევარმცველი (ოვიდიუ მენდიჟოვი). იონალ განეს გუნდში სხვადასხვა ასაკის ნაკრების 3 ფეხბურთელია, ახალგაზრდული ნაკრებიდან „კორონას“ მთავარი მეგოლე, ფორვარდი სერგიუ ბუში (7 გოლი 15 მატჩში) და შემტევი ნახევარმცველი ჩიპრიან ბრატა. 19–წლამდელთა ნაკრებიდან შუახაზელი ანდრეი სტანესკუ.
რაც შეეხება „კორონასა“ და „სპარტაკს“ შორის გამართულ შეხვედრას, ბრაშოველებმა მატჩის სტარტზევე გამოაჩინეს ბრჭყალები და საწყის 10–15 წუთში ბურთს აკონტროლებდნენ, მაგრამ ტაიმის შუაწელს ცხინვალელებმა თამაში გაათანაბრეს და მალევე უპირატესობასაც დაეუფლნენ. თორნიკე თუხარელს ორჯერ, ეხვაიასა და თექთურმანიძეს თითოჯერ ჰქონდათ ანგარიშის გახსნის კარგი შანსი, მაგრამ...
56–ე წუთზე კი რუმინელებმა სტანდარტულით იხეირეს. ქართველების საჯარიმოში ჩაწოდებული საჯარიმო დარტყმისას, რარეშ ფორიკამ ყველას დაასწრო და ანგარიში გახსნა. გოლის მიღბის შემდეგ, კაჭარავას ბიჭები თამაშის გადარჩენას შეეცადნენ და შანსიც არაერთი ჰქონდათ, მაგრამ ცხინვალელები დამაგვირგვინებელ ფაზაში მოიკოჭლებდნენ. ჩაფიძეს და მგელაძეს შეეძლოთ ანგარიშის გათანაბრება, თუმცა უშედეგოდ. მატჩის ბოლოს კი 17 წლის მარცხენა ნახევარმცველი ბაჩანა მოსაშვილი თავისი ფლანგიდან შეიჭრა „კორონას“ საჯარიმოში, ის რუმინელმა მცველმა წააქცია. პენალტის რეალიზება ზვიად მეტრეველმა ითავა, მაგრამ ტრაიან მარსმა სპარტაკელის დარტყმული მოიგერია, დამატებაზე კი თამაზ მაქაცარიას გასროლა მცირედით ასცდა ბრაშოველთა კარს.
ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში, „გაგრასთან“ 2:0, „სიონთან“ 5:1 და „მეტალურგთან“ 2:1 მოგების შემდეგ, „სპარტაკი“ პირველად ანთალიაში დამარცხდა. ცხინვალელები მორიგ ამხანაგურ მატჩს თურქეთში 6 თებერვალს სერბულ სუპერლიგაში მოასპარეზე პეჩინცის „დონჯი სრემთან“ გამართავენ.
04.02.2014. ლარა. (თურქეთი). საერთაშორისო ამხანაგური მატჩი.
კორონა (ბრაშოვი, რუმინეთი) – სპარტაკი (ცხინვალი, საქართველო) 1:0 (0:0)
სპარტაკი: ნადირაძე, ჭაფოძე, კაკუბავა, მგელაძე, იოსელიანი, შონია (კაპ.), პარუნაშვილი, თექთურმანიძე, თუხარელი, ჩაფიძე, ეხვაია.
მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: კ. ხიზანეიშვილი, ქურდაძე, მაისაშვილი, გაგნიძე, მოსაშვილი, ბურძენაძე, ცერცვაძე, კემუხტაშვილი, მეტრეველი.
მწვრთნელი: კახი კაჭარავა
გოლი: 1:0 ფორიკა (56)
გამოუყენებელი პენალტი: მეტრეველი (82. მეკარე)