აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგის 21-ე ტურში კახა ცხადაძის მიერ გაწვრთნილმა ბაქოს “ინტერმა” სტუმრად 1:0 დაამარცხა ზაქათალის “სიმურგი”, რომელსაც სათავეში გიორგი ჩიხრაძე უდგას.
ლაშა სალუქვაძემ და ბაჩანა ცხადაძემ “ინტერში” სრულად ითამაშეს. მათ მსგავსად ალექსანდრე იაშვილიც სასტარტო შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმში შეცვალეს. ბაქოელთა რიგებში გამარჯვების გოლი სწორედ იაშვილის მაგივრად მოედანზე შესულმა გუნდის ახალწვეულმა დიეგო მადრიგალმა გაიტანა. მან 73-ე წუთზე ბურთი მეტოქის კარში ერთი შეხებით გადაგზავნა. მეკარე გიორგი ლომაია ბაქოელთა თადარიგში იყო.
“ინტერს” 36 ქულა აქვს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა. “სიმურგი” 25 ქულით მეშვიდეა. წლეულს ზაქათალელებმა ჩემპიონატში ყველა მატჩი წააგეს.
აზერბაიჯანის პრემიერლიგის 21-ე ტურის დანარჩენი შეხვედრები შაბათს ჩატარდება.