კალათბურთი

16:58 | 23.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძე ახალ კლუბს ეძებს

ქართველი კალათბურთელი “გალიჩინას” თავკაცმა დაიწუნა


როგორც სჩანს, საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანახაზელი გიორგი ცინცაძე მომავალ სეზონს ახალ კლუბში დაიწყებს. შეგახსენებთ, რომ ქართველმა კალათბურთელმა გასული სეზონი “ბუდიველნიკში” გაატარა და უკრაინის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა, თუმცა, კიეველებს და მას შორის თანამშრომლობის გაგრძელება აღარ იგეგმება.

უკრაინული ვებ-გვერდი Basket-planet.com ცინცაძეს უკვე “ბუდიველნიკიდან” წასულ მოთამაშეთა შორის მოიხსენიებს და კიდევ ერთ უკრაინულ გუნდში მის ჩაშლილ ტრანსფერზეც წერს.

“კულუარული ინფორმაციების მიუხედავად, ქართველი მცველი გიორგი ცინცაძე ლვოვის “გალიჩინაში” არ ითამაშებს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ლვოველთა მენეჯმენტი კალათბურთელთან უკვე მოლაპარაკებული იყო, თუმცა, ბოლო მომენტში მისი კანდიდატურა “გალიჩინას” მთავარმა მწვრთნელმა ჟელკო ლუკაიჩმა დაბლოკა. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში “ბუდიველნიკში” ცინცაძის საშუალო მონაგარი 9.1 ქულა და 4.2 პასი გახლდათ”.

თუ სად გააგრძელებს ცინცაძე კარიერას, სავარაუდოდ, მოახლოებული ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, თუმცა, აქედანვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალ სეზონში უკრაინულ სუპერლიგაში 1 ქართველი კალათბურთელი მაინც ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ დნიპროძერჟინსკის “დნიპრო აზოტთან” კონტრაქტი საქართველოს ნაკრების ფორვარდმა, თბილისის “ოლიმპის” ექს-მოთამაშე ლევან ფაცაციამ გააფორმა.

0.120991