ფეხბურთი

23:40 | 19.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

,,ჩიხურას” დამაჯერებელი გამარჯვება

ძალიან ცუდად დაიწყეს საიუბილეო XXV ეროვნული ჩემპიონატის საგაზაფხულო ეტაპი დღევანდელმა მეტოქეებმა. საჩხერის ,,ჩიხურამ” ბოლო 7 შეხვედრიდან 6 წააგო და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში თბილისის ,,დინამოს” ფეხდაფეხ მიმყოლი გუნდი მეოთხე ადგილამდე დაეშვა, თუმცა ზემოიმერლებს მთავარი აქცენტი თასის გათამაშებაზე აქვთ გადატანილი და ევროლიგის საგზურის მოპოვებას ამ გზით ცდილობენ. რაც შეეხება ლანჩხუთის ,,გურიას”, გუნდს თამაშის წინა 3-4 დღე არ უვარჯიშია, თუმცა გურულთა ასეთი ყოფა უკვე აღარავის აკვირვებს. ექვსი თვეა ისინი ასეთ მდგომარეობაში იმყოფებიან. საკვირველი კი მათი ზედა ექვსეულში მოხვედრა იყო, როცა სწორედ ,,ჩიხურას” ძლევით მოახერხეს სანუკვარი მიზნის ასრულება. ამის შემდეგ ზედიზედ 5 მატჩში დამარცხდნენ და როგორც ჩანს მიმდინარე ჩემპიონატში თავიანთი მისია ამოწურულად ჩათვალეს.

მოლოდინის საწინააღმდეგოდ შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო და მე-3 წუთზე მათ ანგარიშის გახსნის შესაძლებლობაც მიეცათ. საჩხერლები საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს დაჯარიმდნენ. სტანდარტულის შესრულება კვირტიამ ითავა და საკმაოდ ძლიერი დარტყმაც განახორციელა, თუმცა გამოცდილმა სომხიშვილმა სწორი პოზიცია დაიჭირა და ბურთის დაუფლება არ გასჭირვებია. მომდევნო სახიფათო მომენტი გურულებმა მე-18 წუთზე შექმნეს. ნიქაბაძემ საჯარიმოს კუთხიდან ბურთიანად ცენტრისკენ გადაიწია და ძლიერად გაისროლა. სომხიშვილი ამჯერადაც მარჯვედ დაუხვდა დარტყმულს და სიტუაცია განმუხტა. თითქმის მაშინვე ისიანი ურტყამდა საჯარიმოს წინა ხაზიდან, მაგრამ ბურთმა კარის მარჯვენა ძელს სულ ახლოს ჩაუქროლა.

ტაიმის შუაწელიდან ზემოიმერლებიც გამოცოცხლდნენ და მათ პირველივე სახიფათო შეტევას ვნებათაღელვა მოჰყვა. საჩხერელთა ჩაწოდებულის მოგერიების მცდელობისას გურულთა კამერუნელ ლეგიონერ ჩუენსუს ბურთი ხელზე შეეხო. მასპინძლები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ არბიტრმა სხვაგვარად განსაჯა, რითაც ,,ჩიხურას” გულშემატკივრები გაანაწყენა. თითქმის მაშინვე თანაგუნდელთა კომბინაცია წინამძღვრიშვილმა კარგად დააგვირგვინა და ზუსტი, ძლიერი დარტყმით სტუმართა კარის ბადე შეარხია, თუმცა მანამდე ასისტენტს წინამძღვრიშვილზე ხელით თამაში დაეფიქსირებინა და შესაბამისად გოლიც არ ჩაითვალა. ამჯერად გულშემატკივართა რისხვა თავს თანამსაჯს დაატყდა.

მასპინძელთა მონდომებამ შედეგი მესამე ცდაზე გამოიღო. 28-ე წუთზე საჩხერელთა ლამაზი კომბინაციის შემდეგ გაბედავა მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და გამოზომილი დარტყმით ბობღიაშვილს საკუთარი კარის გადარჩენის არანაირი შანსი არ დაუტოვა  - 1:0

ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგ სტუმრებს გაქვითვის შესაძლებლობა მალევე მიეცათ. შენგელიას მოწოდებულ კუთხურს ქურდაძემ თავით მიმართულება შეუცვალა. საჩხერელთა გასახარად ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. 38-ე წუთზე ნიქაბაძეს კარის აღების 100%-იანი შანსი მიეცა. მასპინძელ მცველთა წამიერი მოდუნების შემდეგ იგი საგოლე პოზიციაში აღმოჩნდა, მაგრამ სომხიშვილი ამჯერადაც უნაკლოდ გაისარჯა და გურულთა შემტევის დარტყმულს ნახტომში დაეუფლა.

მასპინძელთა საპასუხო ჩხვლეტა კი შედეგიანი გამოდგა. 39-ე წუთზე გაბედავას მოწოდებულ კუთხურზე ყველაზე მარჯვე შეტევაში ჩართული ლაშა ჭელიძე აღმოჩნდა. იგი სხვებზე მაღლა ახტა და მძლავრი თავური დარტყმით გურულთა კარის ბადე კიდევ ერთხელ შეარხია – 2:0

შეხვედრის მეორე ნახევარი საჩხერელთა დომინირებით წარიმართა. მატჩის უკანასკნელი მეთხედისკენ გურულები დაიღალნენ და ზემოიმერელთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. 65-ე წუთზე ჩუენსუს შეცდომის შემდეგ ქიმაძე მეკარესთან პირისპირ გადიოდა, მაგრამ ბობღიაშვილი მეტოქეს ფეხებში ჩაუვარდა და თავისიანები აშკარა გოლისგან იხსნა. 77-ე წუთზე კამერუნელმა ლეგიონერმა ამჯერადაც დაუდევრად ითამაშა და საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს ბურთი დაჰკარგა. ამით ისარგებლა მოედანზე ახლადშესულმა გრიგალაშვილმა. იგი მეკარის პირისპირ გაიჭრა, თუმცა საბოლოო დარტყმა კარგად აღარ გამოუვიდა და ბურთი მიზანს ააცილა. თავისი შეცდომა გრიგალაშვილმა მალევე გამოასწორა. 84-ე წუთზე მან ზუსტი გადაცემით ასევე შეცვლაზე შესული ნიკა კვასხვაძე მოძებნა და იგი ბობღიაშვილს ერთი-ერთზე შეატოვა. კვასხვაძემ თანაგუნდელს ამაგი დაუფასა და კომბინაცია ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა – 3:0

მატჩის დამთავრებამდე მასპინძლებს ერთი გოლის გატანა კიდევ მართებდათ. 86-ე წუთზე წინამძღვრიშვილი თავის მეურვეს დაუსხლტდა, საჯარიმოში ბურთიანად შეიჭრა და ძლიერი დარტყმა განახორციელა. ბობღიაშვილმა შესაშური რეაქცია გამოავლინა და ნახტომში ბურთის მოგერიება მოახერხა, დამატებას კვასხვაძე ცდილობდა, რომელსაც ხელს აღარავინ უშლიდა, მაგრამ მან აქცენტი დარტყმის სიძლიერეზე გადაიტანა და ბურთი ხარიხას ზევიდან გადააცილა.

ამის შემდეგ გურულებმა ერთიც გაიბრძოლეს, თუმცა მათთვის სახეიროს ვერაფერს გამორჩნენ. არბიტრის საფინალო სასტვენმა საჩხერელთა დამაჯერებელი გამარჯვება დააფიქსირა.

 

მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა’’ ორივე გუნდის მწვრთნელს კომენტარი ჩამოართვა:

სოსო ფრუიძე (,,ჩიხურა’’): ,,ეს გამარჯვება პირველ რიგში მოტივაციის ასამაღლებლად გვჭირდებოდა. შედეგით რა თქმა უნდა კმაყოფილი ვარ. თამაშის ხარისხიც ნორმალური იყო. ვფიქრობ თასის ნახევარფინალის განმეორებით მატჩს სრულ მზადყოფნაში ვხვდებით.”

დავით მახარაძე:  (,,გურია“):  ,,რა ვქნათ, თავს ზევით ძალა არაა. ბიჭები მაქსიმალურად ცდილობენ და დიდი მადლობა მათ ამისთვის. შევეცდებით მომავალ თამაშებში უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ.’’

 

ჩიხურა (საჩხერე) – გურია (ლანჩხუთი) 3:0 (2:0)
19აპრილი. 16.00. ივანწმინდის სტადიონი. 300 მაყურებელი.

ჩიხურა: სომხიშვილი (კ),  ლ. ჭელიძე, ჯიღაური (ელ. გრიგალაშვილი 71), ქიმაძე, გაბედავა (ნ.კვასხვაძე 81), წინამძღვრიშვილი (ს.ლომია 88), ლომაშვილი, ჩიკვაიძე, გ. დათუნაიშვილი, ბეჭვაია, შ. კაშია

მთ. მწვრთნელი:  სოსო ფრუიძე

გურია: ბობღიაშვილი, ქურდაძე, ჭეიშვილი, მეგრელიშვილი, კუკულაძე (კ) (გაჩეჩილაძე 63), კვირტია (ზარნაძე 75), შენგელია, ისიანი, ტეიდი, ჩუენსუ, ნიქაბაძე (გაგნიძე 69),

მთ. მწვრთნელი:  დავით მახარაძე

გოლები: 1:0 გაბედავა (28), 2:0 ლ.ჭელიძე (39), 3:0 ნ.კვასხვაძე (84);

გაფრთხილება:  წინამძღვრიშვილი (25);

არბიტრი: ხვიჩა გაგნიძე

 

 

სიონი (ბოლნისი) – ზესტაფონი 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 გოგობერიშვილი (33), 1:1 გეწაძე (38), 2:1 გოგობერიშვილი (76 პენალტით) 

 

 

მეტალურგი (რუსთავი) – დინამო (თბილისი) 0:2 (0:1)

გოლი: 0:1 ჩისკო (18), 0:2 პაპუნაშვილი (89) 

 

1              დინამო (თბ)                   27               18               4                 5                  58:19               58
2 ზესტაფონი 27 15 4 8 36:19 49
3 სიონი 27 14 6 7 36:26 48
4 ჩიხურა 27 12 6 9 46:40 42
5 მეტალურგი 27 11 6 10 31:32 39
6 გურია 27 11 0 16 27:41 33
0.532567