ფეხბურთი

18:53 | 6.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ჩიხურამ” ქუთაისში ზედიზედ მესამედ იმარჯვა

 

უხვნალექიანი დღეების შემდეგ ქუთაისში, როგორც იქნა, გამოიდარა და საჩხერის “ჩიხურას” და ცხინვალის “სპარტაკს” ჩინებულ საფეხბურთო ამინდში მოუწიათ ერთმანეთისათვის პაექრობის გაწევა. მატჩის დაწყებამდე ორივე გუნდის ფეხბურთელები თეთრი მაისურებით გამოვიდნენ წარწერით – “დიცი და დვანი საქართველოა”. ამ ფაქტით სპორტსმენებმა დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია იმ უკანონობის მიმართ, რასაც რუსული იმპერია ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე.

შეხვედრის დებიუტი თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა. ორივე გუნდის ფეხბურთელები ბევრს მოძრაობდნენ და ცდილობდნენ ერთმანეთისთვის უბრძოლველად არაფერი დაეთმოთ.

საწყის 10 წუთში სახიფათო მომენტი არცერთი გუნდის კართან არ შექმნილა. მე-11 წუთზე ჯიღაურის მიერ შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებულზე თავურ დარტყმას ტატანაშვილი ცდილობდა, მაგრამ ფორვარდს წამიერად დაასწრო ნადირაძემ, რომელმაც გამოსვლაზე დროული გარჯით განმუხტა სიტუაცია. სულ მალე საჩხერლებს რეალური საგოლე შანსიც მიეცათ, როდესაც მათი სწრაფი იერიშის დროს გიორგი დათუნაიშვილმა საპენალტე დისტანციიდან დაარტყა ძლიერად. მას ხელს არავინ უშლიდა, მაგრამ ცხინვალელთა იღბლად დარტყმული ნიკა მგელაძეს მოხვდა და სტუმრებიც გოლს გადაურჩნენ.

მე-8 წუთზე სახიფათო საჯარიმოს დარტყმის უფლება შიდაქართლელებმაც მიიღეს, როდესაც საკუთარი საჯარიმოს მისადგომებთან ხელით რეხვიაშვილმა ითამაშა. სტანდარტულის შესრულება ფანცხავამ ითავა, მაგრამ მისმა მცდელობამ მოწინააღმდეგის კართან ხიფათი ვერ შექმნა. მე-20 წუთზე კი ისევ საჩხერლები იყვნენ ახლოს მიზანთან, როდესაც ოდიკაძემ გაისროლა დაახლოებით 25 მეტრიდან ძლიერად და ზუსტად, მაგრამ ბურთი ხარიხას მოხვდა და მასპინძელთა სამწუხაროდ ძირს დავარდნილმა ბურთმა კარის ხაზი არ გადაკვეთა. ცხინვალელთა კარის დარაჯის ნახტომი ამაო იყო, უბრალოდ ამ შემთხვევაში იღბალი სტუმართა მხარეს გახლდათ.

ნელ-ნელა ცხინვალელებმა თამაში გაათანაბრეს და თავადაც შეუტიეს მასპინძლებს. რამდენჯერმე მეტრეველმა სცადა თამაშის გამწვავება, მაგრამ რეალური ხიფათი ფორვარდის მცდელობებს არ მოჰყოლია. 34-ე წუთზე ცხინვალელთა მიერ ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ ბურთი მოედნის შუაგულში კვეკვესკირმა მიიღო, რომელმაც იდეალური გადაცემა გაუკეთა მგელაძეს, რომელიც მეკარესთან პირისპირ დარჩა. ცხინვალელთა მარჯვენა მცველის დარტყმა არაზუსტი გამოდგა და ხიფათიც განიმუხტა. სულ მალე “სპარტაკის” ფეხბურთელებმა ისევ მიიღეს მეტოქის საჯარიმოს ხაზიდან სტანდარტულის უფლება, მაგრამ კვეკვესკირის დარტყმა არაზუსტი გამოდგა.

ტაიმის ბოლო ისევ საჩხერლების გამოდგა, რომლებმაც მეტოქეს დიდი ძალებით შეუტიეს და დაწინაურებაც მოახერხეს. მანამდე რამდენიმეჯერ ზემოიმერლებმა სახიფათო სიტუაციები კი შექმნეს, მაგრამ კარში დარტყმით არცერთი მომენტი არ დასრულდა. 44-ე წუთზე კი საკუთარ საჯარიმოში მეტრეველი ხელით აჩერებდა ტატანაშვილს, რომელიც არ წაქცეულა, თუმცა არბიტრმა შენიშნა ეს მომენტი და პენალტიც დანიშნა, ხოლო მეტრეველს ყვითელი ბარათი უჩვენა. თერთმეტმეტრიანი თავად დაზარალებულმა შეასრულა უნაკლოდ და “ჩიხურა” დააწინაურა – 1:0.

მეორე ნახევარი მშვიდად კი დაიწყო, მაგრამ 50-ე წუთზე ცხინვალელებმა ისეთი კორიანტელი დააყენეს მოწინააღმდეგის კართან, რომ მართლაც სასწაული გახლდათ ის, რომ გოლი არ გავიდა “ჩიხურას” კარში. მოედანზე ახლადგასულმა თექთურმანიძემ საჯარიმო დარტყმა შეასრულა ოსტატურად, თუმცა ბურთი ძელს მოხვდა. რიკოშეტს თავით ფანცხავა ამატებდა, მაგრამ სომხიშვილმა იყოჩაღა და ჩინებული რეაქციის წყალობით ბურთის მოგერიება მოახერხა. ცხინვალელთა იერიში გაგრძელდა და მეგრელიშვილის ჩაწოდების შემდეგ მგელაძე ურტყამდა მეკარისთვის უხერხულად, მაგრამ საჩხერელთა კიპერმა ამჯერადაც ივარგა და ბურთი კუთხურზე გადააგდო.

სტუმართა გამოუყენებელმა მომენტებმა “ჩიხურას” ფეხბურთელები გამოაფხიზლა და მათ მალევე მიეცათ ანგარიშის გაზრდის შანსი, როდესაც კარგ დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანეს ტატანაშვილი, თუმცა დიმიტრის დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა და ბურთი ზემოდან გადაევლო აღმოსავლელთა კარს. მასპინძლები მაქსიმალურად ცდილობდნენ მოწინააღმდეგისთვის არ მიეცათ შეტევების განხორციელების საშუალება და შესაბამისად ცდილობდნენ დაეწესებინათ ბურთზე კონტროლიც. 

62-ე წუთზე საჩხერლებმა თავიანთი უპირატესობა ანგარიშში კიდევ უფრო გაზარდეს. მოედნის სიღრმიდან მოწინააღმდეგის საჯარიმოში ოდიკაძის იდეალურ გადაცემას დროულად გამოეხმაურა ტატანაშვილი, რომელმაც წამიერად დაასწრო მეურვეს და ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი ნადირაძის დასაცავი ობიექტისკენ. ცხინვალელთა კიპერმა ვერ შეძლო მისთვის უხერხულად დარტყმული ბურთისათვის ხელის შეშლა და იძულებული გახდა მეორედ გამოეტანა საკუთარი კარიდან ბურთი – 2:0.

ანგარიშში ორბურთიანმა ჩამორჩენამ ბუნებრივია სტუმრებზე უარყოფითად იმოქმედა. მართალია, ცხინვალელებს ბრძოლა არ შეუწყვეტიათ, მაგრამ რაღაც ჟინი უკვე აკლდათ. შიდაქართლელებმა მალევე მოახერხეს რამდენჯერმე სომხიშვილის შეწუხება, მაგრამ გიორგი ჩინებულად ირჯებოდა და არ აძლევდა მოწინააღმდეგის ფორვარდებს თავის გამოჩენის საშუალებას. სომხიშვილმა ჯერ ბურძენაძეს აუღო შორეული დარტყმა, ხოლო შემდეგ დროული გამოსვლით ჩაშალა ცხინვალელთა იერიში. თავის მხრივ გატანის და ანგარიშში სხვაობის შანსი ჰქონდათ საჩხერლებსაც, როდესაც კვასხვაძის პასის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დეკანოიძე დარჩა, რომელმაც ძლიერად კი დაარტყა, მაგრამ გიორგი ნადირაძეს ბურთი “ვერ ააცილა”. ცოტა ხანში ზედიზედ ორჯერ ხელსაყრელი მდგომარეობა თავად ნიკო კვასხვაძეს მიეცა, მაგრამ პირველად მისი დარტყმული მახვილი კუთხიდან არაზუსტი გამოდგა, მეორედ კი მას ხელი ცხინვალელთა მეკარემ ნადირაძემ შეუშალა.

მოედანზე მოვლენები ისე ვითარდებოდა, თითქოს საჩხერლებს არ უნდა გასჭირვებოდათ მატჩის სასურველ შედეგამდე მიყვანა, მაგრამ მათი ანერვიულება კვეკვესირმა მოახერხა 89-ე წუთზე, როდესაც ნიკამ ბურთი მიიღო მოწინააღმდეგის საჯარიმოში და გამოზომილი, მოჭრილი დარტყმით ბურთი მოწინააღმდეგის კარის “ცხრიანში ჩასვა”. ამის მიუხედავად საჩხერლებმა მაინც შეძლეს შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანა და სამი ქულის მოპოვება.   

 

“ჩიხურა” – “სპარტაკი” 2:1 (1:0) 

6 ოქტომბერი. ქუთაისი. “ცენტრალური”. 200 მაყურებელი

“ჩიხურა”: სომხიშვილი, ლაშა ჭელიძე, ჯიღაური (ჩიკვაიძე, 77), ნიკო კვასხვაძე, ლომაშვილი, ტატანაშვილი (წინამძღვრიშვილი, 71), გიორგი დათუნაიშვილი (ქიმაძე, 85), კაშია, ოდიკაძე, დეკანოიძე, გიორგი რეხვიაშვილი.

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

“სპარტაკი”: გიორგი ნადირაძე, მგელაძე, ქურდაძე, კვეკვესკირი, მეგრელიშვილი, შონია, ბურძენაძე (ჭაფოძე, 81), კილასონია, თუხარელი (თექთურმანიძე, 46), მეტრეველი, ფანცხავა (მაქაცარია, 71).

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე

გოლები: 1:0 2:0 ტატანაშვილი (45, პენალტით, 62), 2:1 კვეკვესკირი (89). 

გაფრთხილება: მეტრეველი (44), კვეკვესკირი (48), ლომაშვილი (49).     

არბიტრი:  ლევან კვარაცხელია (ზუგდიდი)

 

1.                             8           6          1         1           19:7          19
2. ტორპედო 8 5 3 0 13:4 18
3. ჩიხურა 8 5 1 2 17:11 16
4. გურია 8 4 0 4 8:9 12
5. მერანი 8 4 0 4 11:14 12
6. ვიტ ჯორჯია 8 3 2 3 13:11 11
7. დილა 8 3 2 3 10:10 11
8. მეტალურგი 8 3 2 3 9:14 11
9. ზესტაფონი 8 3 1 4 9:7 10
10. სიონი 8 2 2 4 10:13 8
11. ზუგდიდი 8 1 2 5 3:13 5
12. სპარტაკი 8 1 0 7 4:13 3


შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

 


0.112373