ამ წყვილში გამარჯვებულის ვინაობა პრაქტიკულად ნახევარფინალის პირველ მატჩში გაირკვა, როცა საჩხერის ,,ჩიხურამ” ქობულეთში ადგილობრივი ,,შუქურა” 2:1 დაამარცხა და ფინალის საგზურის მოსაპოვებლად დიდი ნაბიჯი გადადგა. ივანწმინდაში გამართულ განმეორებით შეხვედრას წვიმიანი ამინდი დაერთო. ზემო იმერეთში უხვად მოსულმა ნალექმა მოედანზე პატარ-პატარა გუბეები წარმოქმნა, ამიტომ ფეხბურთელებს სწრაფი მოძრაობა უჭირდათ და არც კომბინაციური თამაში გამოსდიოდათ. მიუხედავად ამისა მათ თავი არ დაუზოგავთ და ივანწმინდაში შეკრებილ ორივე გუნდის გულშემატკივრებს საკმაოდ საინტერესო სანახაობა შესთავაზეს.
შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით დაიწყო. პირველი სახიფათო მომენტი მასპინძლებმა მე-4 წუთზე შექმნეს. ოდიკაძის შესრულებული საჯარიმოს შემდეგ კაკალაძე ნახტომში დაეუფლა ბურთს. საპასუხო ჩხვლეტა აჭარლებმა მე-7 წუთზე განახორციელეს. ლობემ სისწრაფის ხარჯზე ზედიზედ სამი მეტოქე ჩამოიტოვა და ბურთიანად საჯარიმოში შეჭრილი გაზონზე გართხმული აღმოჩნდა. ქობულეთელები პენალტს ითხოვდნენ, თუმცა არბიტრმა თამაშის გაგრძელება ბრძანა, რითაც სტუმართა გუნდს ჩამოყოლილი ქომაგები გაანაწყენა.
მე-11 წუთზე ქიმაძის კარგი გადაცემის შემდეგ წინამძღვრიშვილი მეკარესთან პირისპირ გადიოდა, მაგრამ სველ მინდორზე ფეხი დაუცდა, უხერხულად დაეცა და მალევე შესაცვლელი შეიქმნა. მე-15 წუთზე ჯიღაური ურტყამდა სახიფათოდ საჯარიმოს მისადგომებიდან, თუმცა სიტუაცია მცველებმა განმუხტეს და ბურთი კუთხურზე მოიგერიეს.
ტაიმის შუაწელიდან სტუმრების ტერიტორიული უპირატესობა გამოიკვეთა და მალე მალანიას ანგარიშის გახსნის რეალური შესაძლებლობა მიეცა, მაგრამ მისი თავური დარტყმა ოდნავ ასცდა მიზანს. 27-ე წუთზე კუტალიას დარტყმულ სახიფათო საჯარიმოსაც იგივე ბედი ეწია.
მასპიძელთა საპასუხო შეტევა კი შედეგიანი გამოდგა. 38-ე წუთზე კვასხვაძის ჩაწოდებულს ქიმაძემ მიმართულება შეუცვალა და აჭარელთა გოლკიპერი უსაქმოდ დატოვა – 1:0.
ამის შემდეგ შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით გაგრძელდა. 41-ე წუთზე ჩიკვაიძის გადაცემის შემდეგ ოდიკაძე ურტყამდა სახიფათოდ. ბურთი ხარიხას ზევიდან გადაევლო. ტაიმის უკანასკნელ წუთზე კვასხვაძესაც ჰქონდა თავის გამოჩენის შანსი, მაგრამ მისი ძლიერი დარტყმა კაკალაძემ კუთხურზე მოიგერია.
მეორე ტაიმში ზემო იმერელთა უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა. შეხვედრის განახლებისთანავე ქიმაძე ურტყამდა სახიფათოდ საჯარიმოს წინა ხაზიდან, მაგრამ ბურთი კარის ბადეს გარედან შეეხო. 56-ე წუთზე მასპინძლებს ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ. ხმალაძე მოედნის შუაგულიდან დაიძრა და საჯარიმოს მიახლოებულმა ყუმბარისებურად გაისროლა. კაკალაძემ აკრობატულ ნახტომში შეძლო ბურთის კუთხურზე მოგერიება. 10 წუთის შემდეგ კვასხვაძის დარტყმულს ვეღარც კაკალაძე მისწვდა, მაგრამ ბურთი კარის ძელმა აისხლიტა.
მასპინძელთა მონდომებამ შედეგი 72-ე წუთზე გამოიღო. საჩხერელთა კარგი კომბინაციის შემდეგ შეცვლაზე შესული ლომია მეკარესთან პირისპირ გადიოდა, თუმცა მეტოქეთა მცველებმა იგი აკრძალული ილეთით შეაჩერეს. არბიტრმა უყოყმანოდ ხელი თერთმეტმეტრიანი ნიშნულისკენ გაიშვირა. პენალტი ოდიკაძემ უნაკლოდ შეასრულა და თავისიანები კიდევ უფრო დააწინაურა – 2:0.
ამ გოლმა პრაქტიკულად ყველაფერი გადაწყვიტა, თუმცა მასპინძლებს იერიშები არ შეუნელებიათ და 77-ე წუთზე ნიკა კვასხვაძის აუღებელი დარტყმის შემდეგ ანგარიში 3:0 გახდა.
აჭარელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ფარ-ხმალი არ დაუყრიათ და 84-ე წუთზე ახლადშემოსული ცენტერაძის მცდელობის შემდეგ პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხეს.
არბიტრის საფინალო სასტვენმა ,,ჩიხურას’’ ფინალში გასვლა დააფიქსირა.
მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა” ორივე გუნდის მწვრთნელებს კომენტარი ჩამოართვა:
სოსო ფრუიძე (ჩიხურა) - ,,ეროვნული ჩემპიონატის წინა ტურში გავიმარჯვეთ და ნახევარფინალის განმეორებით მატჩს სრულ მზადყოფნაში შეხვდით. მეტოქე საკმაოდ ძლიერი გვყავდა, თუმცა ბიჭებმა დავალება სწორად შეასრულეს და დამსახურებულ გამარჯვებასაც მივაღწიეთ.“
ბესიკ შეროზია (შუქურა) - ,,სხვადასხვა მიზეზების გამო ძირითადის 6 მოთამაშე გვაკლდა, თუმცა ვინც მოედანზე იყო თავი არ დაუზოგავს. დიდი მადლობა მათ ამისთვის. ჩვენთვის ნახევარფინალში გასვლაც დიდი მიღწევა იყო. ახლა სხვა მიზანი გვაქვს და ფლეი-ოპში მოხვედრისთვის ვიბრძვით.”
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშება. 1/2 ფინალი. განმეორებითი მატჩი.
ჩიხურა (საჩხერე) -შუქურა (ქობულეთი) 3:1 (1:0)
23 აპრილი. 16:00 სთ. ივანწმინდის სტადიონი. 300 მაყურებელი.
ჩიხურა: სომხიშვილი (კ), ჯიღაური (ბეჭვაია 74), ქიმაძე, ნ. კვასხვაძე, წინამძღრიშვილი (ს. ლომია 14), ლომაშვილი, ჩიკვაიძე, გ. დათუნაიშვილი (ელ. გრიგალაშვილი 62), შ. კაშია, ოდიკაძე, ხმალაძე;
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
შუქურა: თ. კაკალაძე (კ), ტაკიძე, მალანია, ფუტკარაძე (ცენტერაძე 66), ვლ. შეროზია, კუტალია, გოლიხინი, ჩალაძე, ლობე (კომახიძე 83), ჭკუასელი, კოპალიანი (ზ. ტუღუში 79);
მთავარი მწვრთნელი: ბესიკ შეროზია
გოლები: 1:0 ქიმაძე (38), 2:0 ოდიკაძე (72, პენ), 3:0 ნ. კვასხვაძე (77), 3:1 ცენტერაძე (84);
გაფრთხილება: ს. ლომია (36), ფუტკარაძე (52), ბეჭვაია (89);
არბიტრი: ლაშა სილაგავა