ხვალ, 18 საათზე, ვაკეში, “მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონზე, ქართული ფეხბურთისთვის კიდევ ერთი ისტორიული მატჩი გაიმართება - საჩხერის “ჩიხურა” პირველად ითამაშებს ევროტურნირზე. საჩხერლების მეტოქე ლიხტენშტაინის “ვადუცი” იქნება, რომელიც შვეიცარიის ჩელენჯლიგაში (მნიშვნელობით მეორე ლიგა) თამაშობს და ევროსარბიელზე გამოსვლის საკმაო გამოცდილება აქვს.
ვადუცელები დღეს “მესხზე” 19 საათისთვის მოვიდნენ და დაახლოებით ერთი საათი საკმაოდ ხალისიანად ივარჯიშეს. მანამდე კი ამდენივე ხანს საჩხერელებმა გააგორეს ბურთი. ამ დროისათვის ძალიან ცხელოდა. ერთი ხანი ფეხბურთელებმა იქით გადაინაცველს, სადაც პატრა ჩრდილი იყო. ასეთ სიცხეში მართლა შეუძლებელი იქნებოდა თამაში, თუმცა სინოპტიკოსები ხვალ წვიმას გვპირდებიან.
ვარჯიშებს შორის ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა, თუმცა მანამდე საჩხერელთა ახალწვეულს, ექს-ზესტაფონელ რატი წინამძღვიშვილს გავესაუბრეთ, რომელმაც “ჩიხურასთან” ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. “ვარჯიშის დაწყება ცოტა დაგვიგვიანდა. ინფორმირებული არ ვიყავით, თუმცა ამ დროში ნაყოფიერად ვიმუშავეთ. ცოტა შეთამაშება გვაკლია, მაგრამ ხვალინდელ მატჩს იმედიანად ვხვდებით. ვეცდებით გულშემატკივარი გავახაროთ,” – გვითხრა რატიმ.
მერე მწვრთნელების დროც დადგა.
სოსო ფრუიძე (“ჩიხურა”): განწყობა, რა თქმა უნდა, კარგი გვაქვს. მოგეხსენებათ, ჩვენი გუნდი პირველად გამოდის ევროტურნირზე და სტიმული დიდია. რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი დავიმატეთ: ბეჭვაია, დათუნაიშვილი, ჯიღაური, რომელიც ჩემი აზრით, გაცილებით მეტს იმსახურებს, ვიდრე პირველი ლიგის დონეა და წინამძღვრიშვილი, რომელზედაც დიდ იმედებს ვამყარებთ. თევდორაძე დაგვიბრუნდა აზერბაიჯანიდან. ეს ბიჭები შარშანდელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაგვაძლიერებენ. შეთამაშების პრობლემაც ალბათ არ გვექნება.
რაც შეეხება მეტოქეს, მათი მონაწილეობით გასული ჩემპიონატის რამდენიმე ვიდეოჩანაწერი ვნახეთ. შეტევაზე ორიენტირებული გუნდია. მაგრამ მათაც ბევრი ახალწვეული ჰყავთ, რომელთაგან უმეტესობას ლიხტენშტაინის ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშიათ. ამიტომ, დღეს ცოტა ძნელი სათქმელია როგორი გუნდია. მგონია, რომ კარგი თამაში იქნება.
-შემდგომ ეტაპზე შევძლებთ გასვლას?
- გავიმეორებ, მოწინააღმდეგეს ბევრი ახალი ფეხბურთელი ჰყავს და დღეს მათზე სრული ინფორმაცია არ გვაქვს. თუმცა, ეს წრე უნდა დავძლიოთ და შემდგომ ეტაპზე გავიდეთ. ამის თქმის საბაბს უპირველესად ჩემი ფეხბურთელების გამოცდილება მაძლევს. ეს მიუხედავად იმისა, რომ “ვადუცს” ევროტურნირების გაცილებით დიდი გამოცდილება გააჩნია.
- მზადება როდის დაიწყეთ?
- 20 დღეა ვემზადებით, რაც, შესაძლოა, საკმარისი არ არის. ყველაფერი ხვალინდელ მატჩში გამოჩნდება. აქამდე მხოლოდ ერთი ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ გორის “დილასთან” და პირველი თამაშის კვალობაზე, კმაყოფილი დავრჩი.
- როგორი ტაქტიკით აპირებთ თამაშს?
- რამდენიმე ტაქტიკური ვარიანტი გვაქვს დამუშავებული. ვნახოთ, მეტოქე როგორ ფებურთს შემოგვთავაზებს. ცხადია, მოსაგებად გავალთ მინდორზე, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ თავქუდმოგლეჯილი შევუტევთ, რადგან საკუთარ კარში გოლის მიღება სიკვდილის ტოლფასი იქნება.
ჯორჯო კონტინი (“ვადუცი”): “ჩიხურას” მეტ-ნაკლებად ვიცნობთ. ვნახეთ მათი მატჩი თბილისის “დინამოსთან” თასის ფინალში. მართალია ბევრი ფეხბურთელი შეიცვალა, მაგრამ ძალიან ტექნიკური გუნდია. სწრაფად გადადინ დაცვიდან შეტევაში და ხვალინდელ მატჩში მაქსიმალური ყურადღება გვამრთებს.
- როგორი განწყობა გაქვთ?
- შვეიცარიის ჩემპიონატი ორ კვირაში იწყება და ცხადია, მომზდებულები ვართ. ხვალინდელ შეხვედრაში წარმატებით თამაში კარგი სტიმული იქნებოდა ახალი სეზონის წინ.
- თქვენი პროგნოზი?
- მოგეხსენებათ, რაუნდი ორმატჩიანია. ხვალ დაცვიდან ვითამაშებთ და თუ გოლის გატანაც მოვახერხეთ, ძალიან კარგი იქნება. ისე კი, ყველაფერი საპასუხო შეხვედრაში გაირკვევა.
...დაბოლოს, მატჩზე დასასწრები ბილეთები 3 ლარი ღირს.BA.