ჭიდაობა

16:32 | 17.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჭიდაობის ფედერაციამ მინდორაშვილი და დარჩია დაითხოვა

მომავალ ორშაბათს საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების ახალ სამწვრთნელო შტაბებს წარადგენს. ამის შესახებ ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ ცოტა ხნის წინ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბეგი დარჩიასა (ბერძნულ-რომაული) და რევაზ მინდორაშვილის (თავისუფალი) მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება კურტანიძემ 2014 წლის ორი უმთავრესი შეჯიბრების: ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების შედეგების გათვალისწინებით მიიღო. შეგახსენებთ, წლეულს ქართველმა ბერძენ-რომაელებმა სეზონი გიორგი ცირეკიძის (80 კგ) მიერ ევროპირველობაზე მოპოვებული ბრინჯაოს მედლით ჩაამთავრეს. თავისუფლების ანგარიშზე კი სამი მედალია: ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ოქრო და კონსტანტინე ხაბალაშვილის ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატიდან და იმავე ხინჩეგაშვილის მსოფლიოს ვერცხლი.

“სამწუხაროდ, შარშანდელ წელთან შედარებით შედეგი საგრძნობლად გაუარესდა. ეროვნულ ნაკრებებში სავალალო მდგომარეობაა და ცვლილებებიც გარდაუვალია. ფედერაციის ხელმძღვანელობა ქართული ჭიდაობის სახელოვან ვეტერანებთან და ყველასთვის პატივსაცემ ადამიანებთან ერთად ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე უახლოეს დღეებში აქტიურად იმსჯელებს და ორშაბათს საზოგადოებას ახალ სამწვრთნელო შტაბებს წარვუდგენთ, რომლებიც ეროვნულ გუნდებს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშებისთვის მოამზადებენ” – განაცხადა ლუკა კურტანიძემ.

პრესკონფერენციას ნაკრების აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელებიც ესწრებოდნენ. მათ ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ არაფერი იცოდნენ. კურტანიძის განცხადების შემდეგ კი სპორტის სამინისტროს დარბაზი კომენტარის გარეშე დატოვეს.

 

ვასილ მშვილდაძე

0.113674