ჩოგბურთი

10:24 | 22.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ჩემპიონური სოლიდარობა”

 გუშინ ავსტრალიის ღია პირველობას მამაკაცთა ტურნირის წინა 3 გათამაშების ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი ჩამოშორდა, დღეს დილით კი ნახევარფინალში გასვლა ვერ მოახერხა ქალთა ერთეულთა ასპარეზობის 2012 და 2013 წლების ტრიუმფატორმა, კლასიფიკაციის მეორე ნომერმა ვიკტორია აზარენკამ. ბელარუსს პოლონელმა აგნეშკა რადვანსკამ 6:1, 5:7, 6:0 მოუგო და ნახევარფინალში სლოვაკ დომინიკა ციბულკოვას შეხვდება.

“დღეს ჩემი საუკეთესო თამაშის ჩვენებას შევეცადე, თანაც დასაკარგი არაფერი მქონდა – ტიტულს ვიკა იცავდა და არა მე. მატჩის გადამწყვეტი მომენტი მესამე სეტის დასაწყისი გამოდგა. რთული გეიმები მოვიგე და შეხვედრის ბედიც გადავწყვიტე”, - განაცხადა გახარებულმა აგნეშკამ ნამატჩევს.

ავსტრალიის პირველობის აწ უკვე ექსჩემპიონმა აზარენკამ საკუთარი მარცხი პირველ და მესამე პარტიებში დაშვებული შეცდომებით ახსნა და დასძინა, მეტოქისგან განსხვავებით, მაყურებელს საკუთარი თამაში ვერ ვუჩვენეო.

დომინიკა ციბულკოვას რაც შეეხება, მეოცე ნომრად განთესილმა სლოვაკმა შანსი არ დაუტოვა რუმინელ სიმონა ჰალეპს 6:3, 6:0. მატჩი ზუსტად საათს გაგრძელდა.

ნახევარფინალი

ქალები

აგნეშკა რადვანსკა (პოლონეთი) – დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკეთი)

ნა ლი (ჩინეთი) – ეჟენი ბუშარი (კანადა)

0.113544