ფეხბურთი

18:08 | 7.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის მსაჯები ცნობილია

ცნობილი გახდა იმ არბიტრების ვინაობა, რომლებიც ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის ფინალურ მატჩებში იმსაჯებენ.

ჩემპიონთა ლიგის ფინალს, რომელიც 24 მაისს “რეალსა” და “ატლეტიკოს” შორის გაიმართება, ბიორნ კუიპერსი განსჯის. ის მე-4 ჰოლანდიელი არბიტრია, რომელიც ამ ტურნირის ფინალში იმსაჯებს.

ბიორნ კუიპერსი FIFA-ს არბიტრი 2006 წლიდანაა. მას ევროტურნირებზე 68 თამაშში მიუღია მონაწილეობა. აქედან ჩემპიონთა ლიგის 4 და ევროპის ლიგის 3 მატჩი მიმდინარე სეზონზე მოდის. 41 წლის არბიტრს ევროტურნირის ფინალში აქამდეც უმსაჯია. 2011 წელს, ის სუპერთასის არბიტრი იყო, ხოლო გასულ სეზონში, ევროპის ლიგის ფინალს სჯიდა.

ლისაბონში გასამართ შეხვედრაში კუიპერსს სანდერ ვან როეკელი და ერვინ ზეინსტრა დაეხმარებიან. მე-4 არბიტრი თურქი ჯიუნეით ჩაქირი იქნება, ხოლო დამატებით მსაჯებად დასახელებულნი პოლ ვან ბოეკელი და რიხარდ ლიესველდი არიან. სათადარიგო მსაჯი ანგელო ბოონმანი იქნება.

ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე 10 დღით ადრე გაიმართება ევროპის ლიგის გადამწყვეტი მატჩი, რომელშიც ერთმანეთს “ბენფიკა” და “სევილია” დაუპირისპირდებიან. ტურინში გასამართ დაპირისპირებას 38 წლის გერმანელი ფელიქს ბრიხი განსჯის.

0.116514