დასრულდა საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა 72-ე ეროვნული ჩემპიონატი, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე მასპინძლობდა.
ბოლო, მე-11 ტურში ყველა პარტია ყაიმით დასრულდა და სატურნირო ცხრილში აღარაფერი შეცვლილა. 11 შესაძლებლობიდან 9,0 ქულით პირველი ადგილი ბათუმელმა საერთაშორისო ოსტატმა გაიოზ ნიგალიძემ მოიპოვა. ასაკობრივი ჩემპიონატების შემდეგ, ნიგალიძემ დიდების ტურნირი პირველად მოიგო. გაიოზმა საქართველოს 72-ე ეროვნულ ჩემპიონატზე დიდოსტატის მეორე ბალი შეასრულა და უმაღლეს წოდებამდე ერთი ბალიღა აშორებს. ოქროს მედალთან და დიდოსტატის ბალთან ერთად, ნიგალიძემ 2013 წლის ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ეროვნულ ნაკრებში თამაშის უფლებაც მიიღო. ის დაფინანსდება 2014 წლის ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე და უკონკურსოდ მიიღებს მონაწილეობას საქართველოს მომდევნო, 2014 წლის 73-ე ეროვნულ ჩემპიონატზე. ფულადი პრიზის სახით კი ყველაზე მეტ - 5000 ლარს მიიღებს.
მე-2 ადგილი რუსთაველმა საერთაშორისო დიდოსტმა ლუკა პაიჭაძემ დაიკავა, 8,5 ქულა დააგროვა და ჩემპიონს სულ რაღაც ნახევარი ქულით ჩამორჩა. ლუკა, ბოლო ტურში რეიტინგ-ფავორიტ მიხეილ მჭედლიშვილს ეთამაშებოდა, რომელიც მოგების შემთხვევაში IV-V ადგილზე გასვლის პრეტენზიას აცხადებდა. ყველაზე გვიან მჭედლიშვილი-პაიჭაძის შეხვედრა დასრულდა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყაიმი დაფიქსირდა. ვერცხლის მედალთან ერთად, პაიჭაძემ ევროპის 2014 წლის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე დაფინანსების უფლება მოიპოვა, საქართველოს 73-ე ეროვნულ ჩემპიონატზე შერჩევის გარეშე მონაწილეობის საგზური მიიღო და პრიზის სახით 4000 ლარი დაიმსახურა.
7,5 ქულით მე-3 ადგილზე საერთაშორისო დიდოსტატი დავით ჯოჯუა გავიდა. დავითი ჩემპიონატის პირველ ნახევარში დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა, მაგრამ მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა და მხოლოდ ბრინჯაოს მედლით დაკმაყოფილდა. ჯოჯუამ ბრინჯაოს მედალთან ერთად საქართველოს 73-ე ეროვნულ ჩემპიონატზე შერჩევის გარეშე მონაწილეობის უფლება მოიპოვა და ფულადი პრიზის სახით 3500 ლარი მიიღო.
7,0 ქულით მე-4 ადგილი საერთაშორისო დიდოსტატმა კონსტანტინე შანავამ დაიკავა და ფულადი პრიზის სახით 2000 ლარი დაიმსახურა.
V-VII ადგილები, 6,5-6,5 ქულით საერთაშორისო ოსტატმა გიგა ყუფარაძემ და რეიტინგსიაში I-II ადგილზე მყოფმა საერთაშორისო დიდოსტატებმა - მიხეილ მჭედლიშვილმა და მერაბ გაგუნაშვილმა - გაინაწილეს. უკეთესი კოეფიციენტის გამო, მე-5 ადგილი და პრიზად დაწესებული 1500 ლარი ყუფარაძემ მიიღო.
ასპარეზობის გამოკვეთილმა აუტსაიდერმა, ნული ქულის მქონე ფრიდონ ყალაგაშვილმა, ზედიზედ 10 წაგების შემდეგ დავით ლომსაძესთან ყაიმი გააკეთა და ტურნირის უქულოდ დამთავრებას გადაურჩა.
შეგახსენებთ, რომ 72-ე ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურში ერთმანეთს ეთამაშებოდნენ: ნიგალიძე – ყუფარაძე, ყალაგაშვილი – ლომსაძე, ჯოჯუა – გაგუნაშვილი, მაღალაშვილი – ზარქუა, შანავა – ფანცულაია, მჭედლიშვილი – პაიჭაძე.
საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა 72-ე ეროვნული ჩემპიონატის დახურვა 24 ივნისს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში 12:00 საათზე დაიწყება. ტურნირის დახურვის შემდეგ გაიხსნება საქართველოს ჩემპიონატი ვაჟთა შორის რაპიდსა და ბლიცში. რაპიდში ჩემპიონატი 24-25 ივნისს, ხოლო ბლიცში 2 ივლისს ჩატარდება.
საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა 72-ე ეროვნული ჩემპიონატის საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:
I – ნიგალიძე (9,0) ქულა)
II – პაიჭაძე (8,0)
III – ჯოჯუა (7,5)
IV – შანავა (7,5)
V – ყუფარაძე (6,5)
VI – მჭედლიშვილი (6,5)
VII – გაგუნაშვილი (6,5)
VIII – ფანცულაია (5,5)
IX – მაღალაშვილი (4,0)
X – ლომსაძე (3,0)
XI – ზარქუა (2,)0
XII - ყალაგაშვილი (0,5)