ლონდონის “ჩელსიმ” მილანის “ინტერს” შესაძლოა, თავდამსხმელი დემბა ბა ნახევარმცველ ფრედი გუარინში გაუცვალოს.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიური კლუბის დირექტორი და 27 წლის კოლუმბიელი ნახევარმცველის აგენტი ოთხშაბათს ინგლისში იმყოფებოდნენ, სადაც მოლაპარაკება აწარმოეს “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ტოტენჰემის” წარმომადგენლებთან. Sky Sport Italia-ს ცნობით, საუბარი “ჩელსის” თავკაცებთანაც შედგა.
გუარინი “ჩელსის” მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს მოსწონს. ამასთანავე, წელს მას ევროთასების შეხვედრებში მონაწილეობა არ მიუღია და შესაბამისად, ლონდონელებს მისი იმედი ჩემპიონთა ლიგაზეც ექნებათ. ვარაუდობენ, რომ “ჩელსი” გარიგებაში 28 წლის სენეგალელ თავდამსხმელ დემბა ბას ჩართავს, რომელმაც პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 7 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
თავისუფლად შეიძლება იტალიელები ამ წინადადებას დათანხმდნენ, რადგან მათ სასწრაფოდ ესაჭიროებათ ფორვარდი. სეზონის მიმდინარეობისას მათ თავდამსხმელებს, დიეგო მილიტოსა და მაურო იკარდის პერიოდულად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ექმნებათ.