11 იანვარს ესპანეთის პრიმერა დივიზიონში სეზონის ერთ-ერთი საკვანძო მატჩი ჩატარდება – მადრიდის “ვისენტე კალდერონზე” ერთმანეთს ლა ლიგის ლიდერები “ატლეტიკო” და “ბარსელონა” შეხვდებიან. 18 ტურის შემდეგ კასტილიელებს და კატალონელებს იდენტური მაჩვენებლები აქვთ: 16-16 მოგება, თითო ფრე და წაგება.
“ატლეტიკოსთან” დაპირისპირება ჩვენთვის სასიცოცხლოდაა მნიშვნელოვანი. უნდა დავამტკიცოთ, ჩემპიონობის ფავორიტები რომ ვართ. მეტოქე კარგ ფორმაშია, საკუთარ მინდორზე ტრადიციულად ძლიერია, მაგრამ შეხვედრის სირთულის მიუხედავად, მოსაგებად ვითამაშებთ. მოხარული ვარ, პაუზის შემდეგ მესი წარმატებულად რომ დაგვიბრუნდა – ლეომ “ხეტაფეს” 2 გოლი გაუტანა და მერამდენედ დაამტკიცა თავისი ფენომენალური მონაცემები”, - AS-ის კორესპონდენტთან საუბრისას ბარსელონელთა შუახაზელმა ჩავიმ მადრიდში მოგების რწმენა დაადასტურა.