ფეხბურთი

13:29 | 1.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურიას დებიუტი, კობიაშვილის 345-ე

 

გიორგი ჭანტურიამ პირველად ითამაშა რუმინული “კლუჟის” შემადგენლობაში. გიორგი “ვიტორულთან” გასვლაზე 76-ე წუთზე შეიყვანეს მინდორზე იმ დროს, როცა მისი გუნდი 0:1-ს აგებდა. “კლუჟმა” მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გაათანაბრა და ეს ქართველის დამსახურებაცაა: კუთხური მოიპოვა, თავად ჩააწოდა და ამ კუთხურს მოჰყვა გოლი. ჭანტურია მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე ირჯებოდა. “კლუჟი” მეშვიდე ადგილზეა.

ლევან კობიაშვილმა მორიგი 90 წუთი ჩაატარა, ამჯერად “ჰერტა”-“ფრაიბურგის” შეხვედრაში, რომელიც 0:0 დასრულდა. “კობი” ამჯერადაც საიმედოდ თამაშობდა. ეს 36 წლის ქართველისთვის 345-ე მატჩი იყო ბუნდესლიგაში. ბერლინური კლუბი მეშვიდე ადგილზეა.

გერმანიის II ბუნდესლიგაში “ფორტუნამ” “არმინიას” უმასპინძლა და 2:0 სძლია. ლევან ყენია ამჯერად სათადარიგო იყო, თუმცა არ უთამაშია. “ფორტუნას” მწვრთნელმა კოსტნერმა თქვა, ყენიას ტრავმებმა დაღი დაასვა და ჯერ ბოლომდე ტონუსში არ არისო.

0.116211