მომავალ ზაფხულს ჩაბი ალონსოს მადრიდის “რეალთან” მოქმედ ხელშეკრულებას ვადა ეწურება და ნახევარმცველმაც სიტუაციის და კლუბის გამოცვლა განიზრახა. ამის უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ ალონსომ ახალი კონტრაქტის თაობაზე “ბლანკოსის” ხელმძღვანელებთან საერთო ენა ვერ გამონახა. ჩაბის პირადი აგენტი ფეხბურთელისთვის ხელფასის მომატებას ითხოვდა. როგორც სხვადასხვა საინფორმაციო წყაროები იუწყებიან, ჯამაგირის სახით მოთხოვნილი თანხა ყოველწლიურად 8 მილიონი ევრო იყო. ამ ანაზღაურების გადახდა მადრიდელთა კლუბის მესვეურებმა იუარეს.
როგორც კი “რეალის” ბანაკიდან ჩაბი ალონსოს შესაძლო წასვლის თაობაზე ინფორმაციამ გაჟონა, მისი ხელში ჩაგდების სურვილი ერთბაშად სამმა ინგლისურმა გრანდმა “მანჩესტერ იუნაიტედმა”, “ჩელსიმ” და “ლივერპულმა” გამოთქვა. სამივე მათგანს გუნდის შუა ხაზის გაძლიერება ალონსოთი უნდათ.
პრეტენდენტებს შორის უპირატესობა “ლივერპულს” ენიჭება – ჩაბი ალონსო ხომ უკვე თამაშობდა “ენფილდზე” და მეტად წარმატებულადაც. ბასკმა მერსისაიდელებთან ერთად 2005 წელს ჩემპიონთა ლიგის თასი და ევროპის სუპერთასი მოიგო.