კალათბურთი

23:05 | 3.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბრუკლინმა” შენგელია საზაფხულო ლიგის განაცხადში შეიყვანა

ქართველი ფორვარდი ჯეისონ კიდისთვის თავის მოწონებას ორლანდოშ ეცდება

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 2013 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების პირველ ეტაპს 8 ივლისიდან დაიწყებს, თუმცა, როგორც სჩანს, ეს თორნიკე შენგელიას გარეშე მოუწევს.

საქმე ის გახლავთ, რომ “ბრუკლინ ნეთსმა” ქართველი ფორვარდი საზაფხულო ლიგის განაცხადში შეიყვანა და მასზე დაკვირვებას ორლანდოში დაგეგმილ საკონტროლო მატჩებში გეგმავს.

ბრუკლინელთა განაცხადში სულ 12 კალათბურთელია, რომელთაგან შედარებით ცნობილნი შენგელია და ტაიშუან ტეილორი არიან. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში სწორედ ეს 2 კალათბურთელი გახლდათ, “ნეთსი” ლამის ყოველ კვირაგამოშვებით განვითარების ლიგის ბინადარ “სპრინგფილდ არმორში” რომ ანათხოვრებდა.

განრიგის თანახმად, ბრუკლინელები ორლანდოს საზაფხულო ლიგაში ხუთ შეხვედრას ჩაატარებენ. 7 ივლისს “დეტროიტ პისტონზთან” მატჩი გახლავთ დაგეგმილი, 8-ში – “მაიამი ჰითთან”, 10-ში – “იუტა ჯაზთან”, 11-ში – “ჰიუსტონ როკიტსთან”, ხოლო 12 ივლისს კიდევ ერთ მეტოქეს გაეჯიბრებიან, რომლის ვინაობაც ჯერაც დასადგენია.

და ყველაზე მნიშვნელოვანი. აღნიშნულ მატჩებზე “ნეთსს” გუნდის ახალი დამრიგებელი ჯეისონ კიდი წარუძღვება, ამდენად, შენგელიას მისთვის თავის მოწონების ჩინებული შანსი ექნება.

შეგახსენებთ, რომ ქართველი კალათბურთელი მცირე ხნის წინ “ნეთსსა” და “ბოსტონ სელტიქსს” შორის დაგეგმილ გრანდიოზულ გარიგებაში ფიგურირებდა, თუმცა, ახლა ვითარება შეიცვალა. შესაძლებელია, შენგელია ისევ ბრუკლინელთა რიგებში დარჩეს, საკითხს კი ნათელი უახლოეს პერიოდში მოეფინება.

0.126878