საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ერთ თვეში ბრაზილიაში ჩასატარებელი მსოფლიოს ჩემპიონატის მოსამზადებელ ციკლში შეტანილი ბოლო საერთაშორისო ტურნირი ამირან პაპინაშვილის (60 კგ) ოქროსა და ზებედა რეხვიაშვილის (73 კგ) ბრინჯაოს მედლით დაასრულა. მოსკოვის “დიდ სლემზე” დღეს ჩემპიონ-პრიზიორები 81, 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ. ტატამზე 5 ქართველი გავიდა, მაგრამ ხუთივე სამეულს მიღმა დარჩა.
81 კილოგრამში საქართველოს ნაკრების სახელით წინასწარი გეგმით ლევან წიკლაურს უნდა ეჭიდავა, მაგრამ ზედ შეჯიბრების წინ, ვარჯიშისას ტრავმა მიიღო და მისი არათუ მოსკოვის “დიდ სლემზე”, არამედ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლაც საეჭვო გახდა.
90-ში საქმეში ზვიად გოგოჭური ჩაერთო. პირდაპირ მეორე წრით – მერვედფინალით დაიწყო, სადაც ბრაზილიელი ედუარდო სილვა გაფრთხილების ხარჯზე ჩამოიშორა. რუს იური პანასენკოვთან კი ვეღარას გახდა, იპონით წააგო და დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო.
რეპეშაჟის ნახევარფინალი გოგოჭურმა უბრძოლველად დაძლია, რადგან მისმა მეტოქემ, ჰოლანდიელმა ჯილომ ელმონმა ტრავმის გამო ტატამზე გასვლა იუარა. ერთი გამარჯვებაც და ირაკლი უზნაძის გუნდი მესამე მედალს იზეიმებდა, მაგრამ “ბრინჯაოს ფინალი” ზვიადის მოწინააღმდეგის – ჰიროკატა კატოს კარნახით ჩაჭიდავდა. იაპონელმა კვარცხლბეკზე ასვლა პირველსავე წუთზე შესრულებული ხელის მტკივნეული ილეთით გაინაღდა.
90 კილოგრამში ნაკრების ლიდერი ვარლამ ლიპარტელიანი ამჯერად ერთი წონით მაღლა – 100 კილოგრამში გამოვიდა. მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ იგი მოსალოდნელი მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ზედმეტი წონის კლებას შეგნებულად აარიდა.
ლიპარტელიანი საქმეში უმალ ძლიერ მეტოქესთან შეხვედრით ჩაერთო - ბუდაპეშტის წლევანდელი ღია ტურნირის იაპონელ ჩემპიონ იუსუკე კუმაშიროსთან უპირატესობას თავიდანვე დაეუფლა და საწყის სამ წუთში მსაჯს მოწინააღმდეგე სამჯერ გააფრთხილებინა. ბოლო წუთზე კი შებოჭვით მოიგო.
მეორე წრეში ვარლამ ლიპარტელიანი მოსკოვის “დიდი სლემის” შარშანდელ ჩემპიონს, უზბეკ რამზიდინ საიდოვს დაეჭიდა და საწყის ორ წუთში სამი ეფექტური გდება შეუსრულა. შედეგად ვაზარით და ორი იუკოთი დაწინაურდა. საიდოვი თითქოს ბედს შეეგუა, მაგრამ უეცრად ქართველი ძიუდოისტი მტკივნეულ ილეთზე გამოიჭირა და ტურნირს გამოთიშა.
ამავე წონაში ნოდარ მეტრეველმა ტრიბუნების მხარდაჭერით შეგულიანებული რუსეთის ნაკრების წევრი ხაიბულა მაგომედოვი წუთსა და 20 წამში გააკრა ტატამს. შემდეგ კი მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონთან, ყაზახ მაქსიმ რაკოვთან უილეთოდ ჩამთავრებულ შეხვედრაში ერთით მეტი გაფრთხილების გამო დამარცხდა.
ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) “დიდ სლემზე” მეორე ნომრად იყო განთესილი და შეჯიბრებაში პირდაპირ მეორე წრიდან ჩაერთო, მაგრამ მოულოდნელად, იაპონელ რიუტო იშისთან ორ წუთში სუფთა გდებით წააგო.
რუსულ ტატამზე ადამ ოქრუაშვილის ძმაც გავიდა – ვახტანგ ბიტიევის და აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე ძიუდოისტი პირველსავე წრეში ლევან მატიაშვილს დაეჭიდა. საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა წევრმა იუკოს უპირატესობით იმარჯვა. მეორე წრეში მატიაშვილმა რუს ანდრეი ვოლკოვს ზედ საფინალო სირენის წინ შეუსრულა მომგებიანი იუკო. არადა იქამდე გაფრთხილებით აგებდა.
მეოთხედფინალში ლევანმა “დიდ სლემს” უმთავრესი ფავორიტი, პირველ ნომრად განთესილი ბრაზილიელი რაფაელ სილვა გამოთიშა, მეორე წუთზე შესრულებული იპონით. ნახევარფინალში კი გერმანელ რობერტ ციმერმანთან შებოჭვაზე მოჰყვა და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც ყირგიზ იური კრაკოვეცკისთან ასევე იპონით წააგო. ციმერმანი მოგვიანებით ჩემპიონი გახდა. ფინალში მან გაცილებით გამოცდილ და ტიტულოვან თანამემამულეს, ანდრეას ტოლცერს სძლია.
საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 34 ნაკრებს შორის მეოთხე ადგილი დაიკავა.
ირაკლი უზნაძის გაწვრთნილი გუნდი ორი დღით მოსკოვში დარჩება, სადაც ერთობლივ სანაკრებო წვრთნებში ჩაერთვება. 24 ივლისს მორიგ ერთკვირიან საერთაშორისო შეკრებაში მონაწილეობის მისაღებად სოჭში ჩავა. აგვისტოს დასაწყისში ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დუშეთში გაივლის ათდღიან შეკრებას. სწორედ მასზე დაასახელებს მთავარი მწვრთნელი მსოფლიოს ჩემპიონატზე დასაყენებელ 9-კაციან შემადგენლობას, რომელსაც ბრაზილიაში სეზონის უმთავრესი შეჯიბრების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ჩაიყვანს. შეგახსენებთ, მსოფლიოს პირველობა 26 აგვისტოს დაიწყება და 1 სექტემბრამდე გაგრძელდება.
ძიუდო
“დიდი სლემი”
მოსკოვი
20-21 ივლისი
კაცები
60 კგ
1 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)
2 ფელიპე კიტადაი (ბრაზილია)
3 ჰოვანეს დავთიანი (სომხეთი)
3 ილგარ მუშკიევი (აზერბაიჯანი)
66 კგ
1 შარლეს ჩიბანა (ბრაზილია)
2 კოლინ ოუტსი (ბრიტანეთი)
3 მირზაჰიდ ფარმონოვი (უზბეკეთი)
3 ლუიზ რევიტე (ბრაზილია)
73 კგ
1 დირკ ვან-ტიჩელტი (ბელგია)
2 დენის იარცევი (რუსეთი)
3 ზებედა რეხვიაშვილი (საქართველო)
3 ნავრუზ ჟურაკბილოვი (უზბეკეთი)
81 კგ
1 სვენ მარეში (გერმანია)
2 ვიტალი დუდჩიკი (უკრაინა)
3 სტანისლავ სემენოვი (რუსეთი)
3 ივან ვორობიოვი (რუსეთი)
90 კგ
1 გრიგორი სულემინი (რუსეთი)
2 ერკინ დონიოროვი (უზბეკეთი)
3 ჰიროტაკა კატო (იაპონია)
3 ალექსანდრ ჟურეკა (ჩეხეთი)
5 ზვიად გოგოჭური (საქართველო)
100 კგ
1 ჯავად მაჰჯოუბი (ირანი)
2 რამზიდინ საიდოვი (უზბეკეთი)
3 ლუჩიანო კორეა (ბრაზილია)
3 დიმიტრი პეტერსი (გერმანია)
+100 კგ
1 რობერტ ციმერმანი (გერმანია)
2 ანდრეას ტოლცერი (გერმანია)
3 ფაიცელ ჯაბალაჰი (ტუნისი)
3 იური კრაკოვეცკი (ყირგიზეთი)
5 ლევან მატიაშვილი (საქართველო)
გუნდური ჩათვლა. კაცები
ო ვ ბ V VII
1 გერმანია 2 1 1 0 0
2 რუსეთი 1 1 2 3 3
3 ბრაზილია 1 1 2 1 1
4 საქართველო 1 0 1 2 0
5 ბელგია 1 0 0 0 0
5 ირანი 1 0 0 0 0