რაგბი

13:35 | 25.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბრეგვაძისა და ზირაქაშვილის ფრანგული ლელოები

 

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კვაჭმა ჯაბა ბრეგვაძემ, საფრანგეთში გადასვლის შემდეგ საუკეთესო თამაში ჩაატარა და პირველ ელიტარულ დივიზიონ Top 14-ში თავისი პირველი ლელო გაიტანა.

ბრეგვაძე, რომელიც ერთ თვეში 26 წლის გახდება, ფრანგულ გრანდ “ტულუზაში” შარშან იანვარში, ტრავმირებული აქვსენტი გიორგაძის შემცვლელად გადავიდა. გასულ სეზონში მან ახალ გუნდში მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა, მარტის ბოლოს ტრავმას მიიღო და მოედანს ახლახანს, თებერვლის დასაწყისში დაუბრუნდა. XXII ტურში მისმა და ვასილ კაკოვინის “ტულუზამ” 17 ათასი მაყურებლის წინაშე ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსეს” უმასპინძლა, 43:16 გაანადგურა და პრემიალური ქულაც მოიპოვა.

ჯაბა გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო და 45-ე წუთზე შეცვალეს, მაგრამ ტოლოფუამ სათანადოდ ვერ ითამაშა, ქართველი მოედანს 12 წუთში დაუბრუნდა. ნამატჩევს ბრეგვაძეს სახეზეც ეტყობოდა, რომ თავდაუზოგავად იბრძოლა. ვერ ვიტყვით, რომ მაგრად იდგა შერკინებაში და დერეფანშიც ბურთს იდეალურად აგდებდა, მაგრამ ღია თამაშში მართლაც შეუდარებლად გაისარჯა. პირველი ტაიმი დაძაბული გამოდგა და პარიზელთა სამ ჯარიმას მასპინძლებმა ჯარიმით, ლელოთი და გარდასახვით უპასუხეს - 10:9.

50-ე წუთზე “ტულუზამ” მეორე ლელო გაიტანა, მაგრამ მალევე ლელო და გარდასახვა თავადაც გაუშვა და 15:16 ჩამორჩა. სწორედ ამ დროს დაბრუნდა მოედანზე ბრეგვაძე და მისმა გუნდმაც ლელო-გარდასახვით ლიდერობა დაიბრუნა. 61-ე წუთზე ჯაბა მეტოქის 22-ში ფეხით გადაკიდებულ ბურთს კარგად შეყვა, მეტოქეს ბრძოლაში აჯობა, თანაგუნდელს მარჯვენა ფლანგზე იერიში გააგრძელებინა და მასპინძლებს 29:16, ლელოებით კი, 4:1 დაწინაურების საშუალება მისცა. პრემიალური ქულის დაკარგვის საფრთხე რომ არსებობდა, “ტულუზამ” ჯარიმები კარში აღარ დაარტყა, კვლავ ლელოზე ითამაშა, 76-ე წუთზე, ბრეგვაძე 5-მეტრა დერეფნის შემდეგ დაყენებულ მოლს შეუერთდა, მერე მას გამოეყო და თანაგუნდელის დახმარებით სამ მეტოქესთან ჭიდილში ხაზი გადაკვეთა.

ბოლო წუთზე საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა მეექვსე ლელოც მიითვალა და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 43:16. მასპინძელთა შემადგენლობაში 45-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა ვასილ კაკოვინმა, ხოლო სტუმართა რიგებში თამაშში 71-ე წუთზე ჩაერთო ზურაბ ჟვანია. “ტულუზამ” ამ მოგების შემდეგ 69 ქულა დააგროვა, მე-3 საფეხურზე გამაგრდა და მდევრებს 7 ქულით უსწრებს, ხოლო მე-2 ადგილს 6 ქულა აშორებს. “სტად ფრანსეს” 46 ქულა აქვს, მე-10 პოზიციაზეა და პლეი ოფისთვის ვეღარ იბრძოლებს, თუმცა, არც დაქვეითება ემუქრება.

რეგულარული პირველობის ლიდერი, დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონი” “ბაიონს” შესუსტებული შემადგენლობით ეწვია, 28:33 დამარცხდა და მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო პირველხაზელი ჩილაჩავა, რომელიც 62-ე წუთზე ქუბრიაშვილმა შეცვალა, ხოლო მეორეხაზელი მიქაუტაძე თამაშში 51-ე წუთზე ჩაერთო. საწყის წუთებზე მასპინძლებს შერკინებაში დიდი უპირატესობა ჰქონდათ და ტაიმი 20:11 მოიგეს, ხოლო 52-ე წუთისთვის “ბაიონი” 30:14 დაწინაურდა.

მას შემდეგ, რაც მოედანზე ქუბრიაშვილი გამოჩნდა, “ტულონმა” შერკინებაში მდგომარეობა საგრძნობლად გამოასწორა და ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანა (28:33), მაგრამ მერე და მერე, შეტევებში შეცდომები რომ დაუშვა, მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა. მიუხედავად მარცხისა, “ტულონმა” 77 ქულით რეგულარული პირველობის ლიდერობა შეინარჩუნა.

ტულონელთათვის ლიდერობის ჩამორთმევის შანსი ჰქონდა დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონს”, მაგრამ ამით ვერ ისარგებლა, “ბიარიცთან” სტუმრად 28:32 დამარცხდა, მხოლოდ 1 ქულას დასჯერდა და “ტულონს” კვლავ 2-ით (75 ქულა) ჩამორჩება. კოლელიშვილი 7-კაცა ნაკრების შემადგენლობაში ჰონკონგში ირჯებოდა, ზირაქაშვილი შეცვლაზე შესვენების შემდეგ შევიდა და 71-ე წუთზე ლელოც გაიტანა, მაგრამ მისი გარჯა საკმარისი არ აღმოჩნდა. ეს საფრანგეთის თოპ 14-ში ქართველი პირველხაზელის პირველი ლელოა 2010 წლის სექტემბრის შემდეგ.

“ბიარიცმა” ტაიმი 19:13 მოიგო. მეორე ტაიმში სტუმრები ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლნენ, მაგრამ მისი სათანადოდ გამოყენება 68-ე წუთამდე ვერ მოახერხეს. შეხვედრის დასრულებამდე 12 წუთით ადრე, ბრუკ ჯეიმსმა ლელო გაიტანა, გარდასახვაც გამოიყენა და “კლერმონი” პირველად დააწინაურა. სამ წუთში ზირაქაშვილმა ფლანგზე დერეფანი რომ ნახა, ისეთივე სიჩქარე აკრიფა, როგორიც რუსეთის წინააღმდეგ ტრაბზონში გამართული თამაშისას, და ლელო გაიტანა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო - 28:22. ყველას რომ ეგონა, მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყოო, თამაშის განახლებიდან რამდენიმე წამში სტუმართა მოდუნებულმა დაცვამ მეტოქე უპრობლემოდ გაატარა და “ბიარიცმა” ლელოს გარდასახვაც მიაყოლა. მერე მასპინძლებმა ჯარიმა გაიტანეს და 32:28 იმარჯვეს.

62 ქულით “რასინგ მეტროსთან” IV-V ადგილებს ინაწილებს ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრი”, რომელმაც “აჟენი” ქართველი პირველხაზელის გარეშე 20:9 დაამარცხა. საპლეიოფო ექვსეულში დაბრუნდა მამუკა გორგოძის, მიხეილ ნარიაშვილისა და გიორგი ჟღენტის “მონპელიე”, რომელმაც უშუალო კონკურენტი “გრენობლი” დაძაბულ ბრძოლაში, სტუმრად 16:9 წააქცია. ჟღენტი ტრავმირებულია, სანაკრებო მატჩებით და თამაშების გარდა გადაფრენებით გადაღლილ გორგოძეს მწვრთნელმა დასვენების საშუალება მისცა, ხოლო პირველხაზელი ნარიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 45 წუთი ითამაშა.

“მონპელიემ” მატჩის მე-14 წუთზე შეხვედრის ერთადერთი ლელო რომ გაიტანა, 7:0 დაწინაურდა. მასპინძლებმა შესვენებამდე ორი ჯარიმა გაიტანეს და სტუმრები შესვენებაზე მინიმალური უპირატესობით გავიდნენ. მეორე ტაიმში, 56-ე და მე-60 წუთებზე, “მონპელიემ” ორი ჯარიმით უპირატესობა კვლავ 7 ქულამდე გაზარდა, 3 წუთში ჯარიმა თავად გაუშვა, მაგრამ მერე მეტოქეს ქულა არ ააღებინა, თავად ჯარიმითვე 69-ე წუთზე იხეირა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა (16:9). “მონპელიე” 59 ქულით მე-6 ადგილზე დაბრუნდა, 3 ქულით უსწრებს “პერპინიანს” და სავარაუდოდ, პლეი ოფის და “ჰაინეკენის თასის” საგზურის ბედი, სწორედ ამ გუნდების ჯახში დასკვნით ტურში გაირკვევა.

ზაზა ნავროზაშვილის “ბორდომ” თამაზ მჭედლიძის “მონ დე მარსანს” უმასპინძლა და 40:7 გაანადგურა. ქართველი ლეგიონერები განაცხადში არ იყვნენ, “ბორდო” 36 ქულით მე-12 ადგილზეა და 9 ქულით უსწრებს გასავარდნ ზონაში მყოფ “აჟენს”, ხოლო “მონ დე მარსანი” 15 ქულით ბოლო საფეხურზეა და Pro D2-ში დაქვეითებას ვეღარ გადაურჩება.

Top 14-ის მომდევნო ტურის თამაშები 29-30 მარტს გაიმართება.

0.130323