სადიდსლემო ტურნირების ექვსგზის ტრიუმფატორი გერმანელი ბორის ბეკერი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის პირადი მწვრთნელი გახდა. მოგეხსენებათ, ამჟამად რეიტინგსიის მეორე ნომერი ჯოკოვიჩი კლასიფიკაციას კარგა ხნის განმავლობაში ლიდერობდა, თავის დროზე პირველ საფეხურზე ბეკერიც გახლდათ. ბოლო 5 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ერთ დროს რეიტინგის სათავეში მყოფი სპორტსმენები დამრიგებლისა და მოთამაშის რანგში თანამშრომლობენ. უკანასკნელად ამგვარ შემთხვევასთან ადგილი 2008-ში გვქონდა, როდესაც ამერიკელი ენდი როდიკის მწვრთნელი მისივე თანამემამულე ჯიმი კონორსი გახლდათ.
ჯოკოვიჩის დამრიგებლად გახდომის შემდეგ ჟურნალისტები ბეკერს გაესაუბრნენდა სამომავლო თანამშრომლობაზე რამდენიმე კითხვა დაუსვეს.
- როგორ მოხვდით ჯოკოვიჩის სამწვრთნელო შტაბში?
- პირველად ნოვაკი მაშინ დამიკავშირდა, როდესაც პეკინში თამაშობდა. სწორედ იმ ტურნირის დასრულების შემდეგ დაკარგა მან რეიტინგის ლიდერობა. მოგვიანებით ჩვენ მონტე კარლოში შევხვდით ერთმანეთს, დღენახევარი ერთად გავატარეთ, ბევრ რამეზე ვისაუბრეთ და მას შემდეგ მოყოლებული რეგულარული სატელეფონო კონტაქტი გვქონდა. ჩემთვის დიდი პატივია ჯოკოვიჩის მწვრთნელობა. კარგა ხანია, ტელეკომენტატორი ვარ. ვფიქრობ, ჩოგბურთი კარგად მესმის, ნოვაკმაც ჩემი კომენტარები მოისმინა და თანამშრომლობაც ჭკუაში დაუჯდა.
- სამომავლო სამუშაო სტრატეგია უკვე შემუშავებული გაქვთ?
- რასაკვირველია. ჩვენ ერთად ვიქნებით და ყოველდღიურად ერთად ვიმოქმედებთ როგორც წვრთნებისას, ასევე მატჩების მსვლელობისას. 2013-ის სეზონში ჯოკოვიჩმა რამდენიმე გულდასაწყვეტი შეხვედრა დათმო, მათ შორის დიდი სლემის შეჯიბრებების ფინალები. რაფა ნადალმა ნოვაკს კლასიფიკაციის ლიდერობა ჩამოართვა, საგრძნობლად მოუმატა ენდი მარეიმ, მაგრამ ჯოკოვიჩი ურყევი ნებისყოფის სპორტსმენია და ვფიქრობ, ერთობლივი საქმიანობით ბევრს მივაღწევთ. ნოვაკმა საჭიროდ ჩათვალა, რომ მის გვერდით ისეთი ადამიანი უნდა იყოს, რომელიც კარგადაა გათვიცნობიერებული ნებისმიერ საჩოგბურთო ნიუანსში.
- თანამედროვე ჩოგბურთელთაგან რა არ მოგწონთ?
- კორტზე უფრო მეტ ბრძოლას ვისურვებდი. მამაკაცთა შორის ტიტულისთვის მხოლოდ 2-3 მოთამაშე იბრძვის, ქალებში კი სერენა უილიამსი აშკარად დომინირებს. ჩოგბურთი მხოლოდ სათამაშო ასპექტით არ უნდა ვითარდებოდეს, სპორტის ამ სახეობაში საშეჯიბრო მომენტმაც უნდა მოიმატოს. ნერვებს მიშლის ქალთა კივილი. გეგონება, საწოლში არიან და არა კორტზე. მშვენიერი სქესის წარმომადგენელ ჩოგბურთელებს ეს არ ამკობთ.