რაგბი

20:54 | 8.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბორჯღალოსნებმა” ესპანეთი დაამარცხეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, 2014 წლის ერთა თასისა და 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის ბოლოსწინა ტურის მატჩში ესპანეთს მადრიდში 24:17 აჯობა, მაგრამ ოთხი ლელო ვერ გაიტანა და დასკვნითი შეხვედრის წინ რუმინეთს სატურნირო ცხრილში 1 ქულით ჩამორჩა.

საწყის ნახევარ საათში “ბორჯღალოსნები” მერაბ კვირიკაშვილის ორი ჯარიმით და ერთი არეკნით 9:0 დაწინაურდნენ, მაგრამ მერე ორი შეცდომა ორ ლელოდ დაუჯდათ და ტაიმი 9:14 დათმეს. მეორე ტაიმი ქართველმა მორაგბეებმა ისევ არეულად დაიწყეს, მაგრამ 50-ე წუთზე მასპინძლებს პირველხაზელი გაუსინბინეს და მეტობა საქართველოს ნაკრებმა სათანადოდ გამოიყენა - მამუკა გორგოძემ და გიორგი თხილაიშვილმა ლელოები გაიტანეს, ხოლო კვირიკაშვილმა ერთი გარდასახვა გამოიყენა.

მანვე ჯარიმით ანგარიში 24:14 გახადა, მაგრამ ესპანეთმა 76-ე წუთზე ერთი ჯარიმის გატანა შეძლო, 17:24 დამარცხდა და 7 ქულით მარცხისთვის პრემიალური ქულა ჩაიწერა. ერთა თასის დღეს გამართულ სხვა ორ მატჩში გამარჯვებულმა გუნდებმა პრემიალური ქულების აღება შეძლეს. რუმინეთმა ბელგია 29:10 დაამარცხა და თბილისს ერთა თასისა და მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის ლიდერის რანგში ეწვევა, ხოლო რუსეთმა პორტუგალიას 34:18 სძლია და მსოფლიო თასის საგზურისთვის ბრძოლას საკონტინენტთაშორისო რეპეშაჟში განაგრძობს. 

 

 

2014 წლის ევროპის ერთა თასი. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი

მეორე წრე. მეოთხე ტური

8 მარტი

ესპანეთი - საქართველო 17: 24 (14:9)

რუსეთი - პორტუგალია 34:18

რუმინეთი - ბელგია 29:10

 

1           რუმინეთი                     9            8            1           0            233-84              38
2 საქართველო 9 8 1 0 264-97 37
3 რუსეთი 9 5 0 4 185-229 23
4 პორტუგალია 9 2 1 6 121-194 11
5 ესპანეთი 9 1 2 6 131-219 11
6 ბელგია 9 0 1 8 114-225 6

 

მომდევნო ტური. 15 მარტი

საქართველო - რუმინეთი

პორტუგალია - ესპანეთი

ბელგია - რუსეთი 

0.12369