საფრანგეთის მორაგბეთა მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ის მე-11 ტურის თამაშებში ქართველ ლეგიონერთა უმეტესობა მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ ამის მიზეზი მარტივია - “ბორჯღალოსნები” “მიხეილ მეხზე” სამოასთან ისტორიული გამარჯვებისათვის იბრძოდნენ.
თამაზ მჭედლიძისა და მერაბ შარიქაძის “ბურგ-ან-ბრესი” გათამაშების ლიდერს, გურამ კავთიძისა და ვიტო კოლელიშვილის “ლიონს” უქართველებოდ დაუხვდა და 24:27 დამარცხდა. შარიქაძემ შაბათს სამოა რომ დაალელოვა და მჭედლიძე კუნძულელთა წინააღმდეგ გმირულად იბრძოდა, ბუნებრივია, ისინი კვირას კლუბის განაცხადში არ იყვნენ. სტუმართა განაცხადში ვერ მოხვდნენ ტრავმირებული კავთიძე და დისკვალიფიცირებული კოლელიშვილი. ამ უკანასკნელმა ერთთვიანი სასჯელი 9 ნოემბერს, კანადასთან მატჩში მიღებული წითელი ბარათის შემდეგ მიიღო და კიდევ ორი ტურის გამოტოვება მოუწევს.
მასპინძლები გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყვნენ. ისინი 62-ე წუთისთვის 24:10 იგებდნენ, მაგრამ დასკვნით 15 წუთში გატყდნენ. 65-ე და 70-ე გატანილი ლელოები დამრტყმელმა ვერ გარდასახა, მაგრამ დამატებულ წუთებზე სებასტიან შაბალმა თავისი მესამე ლელო გაიტანა და გუნდს გამარჯვება მოუტანა. ამჯერად გარდასახვაც ზუსტი იყო და “ლიონმა” ხუთი ქულა ჩაიწერა. ეს იმიტომ, რომ მათ ოთხი უპასუხო ლელო გაიტანეს, ხოლო “ბურგ-ან-ბრესმა” პრემია მცირე სხვაობით მარცხისთვის მიიღო. ახლა “ლიონს” 46 ქულა აქვს და უახლოეს მდევარს 8 ქულით უსწრებს, ხოლო “ბურგ-ან-ბრესი” 15 ქულით ბოლოსწინა მე-15 პოზიციაზეა.
გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბი” “დაქსს” ეწვია და 15:26 დამარცხდა. ჩხაიძე და ნემსაძე სამოას დამარცხებაში იღებდნენ მონაწილეობას, ხოლო მირცხულავა თამაშში 34-ე წუთიდან ჩაერთო. “ტარბი” 23 ქულით მე-9 ადგილზეა.
ლევან დათუნაშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის “ორიაკმა” “მონ-დე-მარსანს” უმაპინძლა და პრემიალური ქულით, 42:12 იმარჯვა. დათუნაშვილი “ბორჯღალოსანთა” მაისურით სამოას წინააღმდეგ იბრძოდა, ხოლო ნაცარაშვილმა შეცვლაზე 46-ე წუთიდან ითამაშა. მასპინძლები სრულ უპირატესობას ფლობდნენ, პირველ ტაიმში სამი უპასუხო ლელო გაიტანეს და შესვენებაზე 28-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. მეორე ნახევარში მაღ სხვაობა კიდევ უფრო გაზარდეს და 72-ე წუთზე უკვე 42:0 იგებდნენ, მერე მოეშვნენ და მეტოქეს ორი საპასუხო ლელოს გატანის საშუალება მისცეს. ამით “ორიაკს” არაფერი დაკლებია და 32 ქულით მე-5 ადგილზეა.
გამარჯვებამდე სულ ცოტა დააკლდა ბექა შეყლაშვილის “ბეზიეს”, რომელმაც “კარკასონს” უმასპინძლა და ბოლო წუთზე გაშვებული ლელო-გარდასახვით 20:23 დამარცხდა. შეყლაშვილმა პირველ ნომრად შეუცვლელად ითამაშა, მისი გუნდი კი, 19 ქულით მე-13 ადგილზეა.
საკუთარ მოედანზე “პოსთან” 19:20 დამარცხდა და მხოლოდ ერთ ქულას დასჯერდა ვახტანგ ახობაძის, ხვიჩა ბუჯიაშვილის, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილის, სანდრო თოდუასა და კახა კობერიძის “ალბი”. ამ თამაშში თბილისის “არმიადან” საფრანგეთში გადასულმა ბუჯიაშვილმა პირველად ითამაშა პირველი გუნდის შემადგენლობაში და ელიტაში მისი დებიუტი შედგა. ის 66-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა და 77-ეზე იმის გამო შეცვალეს, რომ რეფერიმ მასპინძელთა პირველხაზელი გააძევა და შერკინებაში ამ პოზიციის მორაგბის დაბრუნება გახდა საჭირო.
51-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა თეთრაშვილმა. “ალბიმ” ორი ლელო გაიტანა, მაგრამ გარდასახვები ვერ გამოიყენა. 65-ე წუთისთვის მას კიდევ სამი ჯარიმა ჰქონდა გატანილი და 19:6 იგებდა, მაგრამ მერე ორი ლელო გაუშვა, მეორე 78-ე წუთზე საჯარიმო ლელო იყო, გარდასახვებიც ზუსტი აღმოჩნდა და სტუმრებმა წაგებული თამაში შემოატრიალეს. “ალბიმ” აქტივს 1 ქულა შემატა, ჯამში 18 დაუგრივდა და მე-14 ადგილზეა.
ტარიელ რატიანიძის “აჟენმა” “კოლომიე” ქართველი პირველხაზელის გარეშე 36:14 დაამარცხა და 36 ქულით მე-3 პოზიციაზეა. 38 ქულით მეორე ადგილზეა ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელი”, რომელიც სტუმრად “ნარბონთან” ქართველის გარეშე 17:25 დამარცხდა. “ბურგონმა” 32:6 მოუგო თორნიკე ლომიძის “ოშს”. ლომიძე განაცხადში არ იყო, მისი გუნდი კი, 14 ქულით ბოლო, მე-16 ადგილზეა. Pro D2-ის მომდევნო ტურის თამაშები 30 ნოემბერს გაიმართება და მასში კლუბებში დაბრუნებული “ბორჯღალოსნებიც” მიიღებენ მონაწილეობას.