რაგბი

23:40 | 1.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბორჯღალოსნები” შეკრებაზე საფრანგეთში მიემგზავრებიან

გასულ შაბათს საქართველოსა და რუმინეთის ეროვნულმა ნაკრებებმა, შესაბამისად რუსეთისა და ესპანეთის ნაკრებების დამარცხებით 2015 წლის მსოფლიო თასის საგზური ვადაზე ადრე გაინაღდეს და ეს “ბორჯღალოსნებისთვის” ზიდიზედ მეოთხე მსოფლიო თასი იქნება.

მაგრამ ამით ყველაფერი არ დასრულებულა და ბრძოლა გრძელდება - ჯერ კიდევ გასარკვევია ამ ორი ნაკრებიდან მსოფლიო თასზე ვინ რომელ ჯგუფში იასპარეზებს და ეს 15 მარტს, ამ გუნდებს შორის თბილისში გასამართ ურთიერთშეხვედრაში დადგინდება - ერთა თასის გამარჯვებული გუნდი ინგლისში ევროპა 1-ის სახით გაემგზავრება და C ჯგუფში იასპარეზებს, ხოლო მეორე ადგილოსანი ევროპა 2-ის ტიტულით D ჯგუფში ითამაშებს.

“იტალიისა და სხვა ნაკრებების დამარცხება, რომლებიც ევროპა 2-ის მოწინააღმდეგეები იქნებიან, შესაძლებელია, მაგრამ მათ დასამარცხებლად ბრწყინვალედ უნდა ვითამაშოთ. სიმართლე გითხრათ, დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ იმას თუ რომელ ჯგუფში მოვხვდებით, მაგრამ მე პირადად მსურს, რომ “მილენიუმზე” ახალ ზელანდიას შევეჭიდოთ” - განაცხადა რუმინეთის ეროვნული ნაკრების უელსელმა მთავარმა მწვრთნელმა ლინ ჰოუელმა.

“მიხეილ მესხის” სტადიონზე გასამართ მატჩამდე ორი კვირაა, მანამდე კი, 8 მარტს “ბორჯღალოსნები” მადრიდში ეპანეთის ნაკრებს ესტუმრებიან, ხოლო რუმინელები ბელგიას უმასპინძლებენ.

“ესპანეთის წინააღმდეგ გასამართი შეხვედრა კიდევ ერთ, კარგ გამოცდად მიმაჩნია. ბრწყინვალედ მახსოვს შარშანწინდელი მარცხი მადრიდში და ისიც, რომ  ესპანელები ამ გამარჯვებას ისე ზეიმობდნენ, თითქოს მსოფლიო თასს დაეუფლნენ. ჩვენ უნდა გამოვასწოროთ შეცდომები და დავუმტკიცოთ ესპანურ საზოგადოებას და უწინარესად, ჩვენ თავს, რომ ის ანგარიში შემთხვევითობის ბრალი იყო. ახლა ნამდვილ თამაშს ვითამაშებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კარგად უნდა შევასრულოთ დავალებები და შედეგი ავტომატურად ისეთი იქნება, ყველას რომ დაგვაკმაყოფილებს. სხვა ყველაფერი მიუღებელია!” - განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.

წინასამატჩო შეკრებაზე “ბორჯღალოსნები” კვირას საფრანგეთში მიემგზავრებიან, სადაც, ტულონთან ახლოს მდებარე ქალაქ სიპრიენში მოემზადებიან და 6 მარტს მომავალი თამაშის ადგილას, მადრიდში ჩავლენ. შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის გასამართი მატჩი 8 მარტს გაიმართება და მის პირდაპირ ტრანსლაციას ტრადიციულად, საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი 19:00 საათიდან შემოგვთავაზებს.

საქართველოს ნაკრების გაფართოებული, 28 კაციანი შემადგენლობა: მიხეილ ნარიაშვილი (“მონპელე”, საფრანგეთი), ზურაბ ჟვანია (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი), ჯაბა ბრეგვაძე (“ტულუზა”, საფრანგეთი), შალვა მამუკაშვილი (“არმია”, თბილისი), დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი), ლევან ჩილაჩავა (“ტულონი”, საფრანგეთი), ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი), კოტე მიქაუტაძე (“ტულონი”, საფრანგეთი), გიორგი ნემსაძე (“ტარბი”, საფრანგეთი), შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი), გიორგი ჩხაიძე (“ტარბი”, საფრანგეთი), გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), ვიტო კოლელიშვილი (“ლიონი”, საფრანგეთი), გიორგი თხილაიშვილი (“არმია”, თბილისი), დიმიტრი ბასილაია (“ედინბურგი”, შოტლანდია), გიორგი ბეგაძე (“ყოჩები”, თბილისი), ვაჟა ხუციშვილი (“ხარები”, რუსთავი), ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი), ლაშა მალაღურაძე (“ბანიერი”, საფრანგეთი), მერაბ კვირიკაშვილი (“ვიენი”, საფრანგეთი), დავით კაჭარავა (“ენისეი”, რუსეთი), თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი), თამაზ მჭედლიძე (“ბურგ-ან-ბრესი”, საფრანგეთი), ირაკლი მაჩხანელი (“არმაზი”, თბილისი), ირაკლი ყიასაშვილი (“ლელო”, თბილისი), მერაბ შარიქაძე (“ბურგ-ან-ბრესი”, საფრანგეთი), ბექა წიკლაური (“ლოკომოტივი”, თბილისი).

 

2014 წლის ევროპის ერთა თასი. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი

მეორე წრე. მეოთხე ტური

8 მარტი

ესპანეთი - საქართველო

რუსეთი - პორტუგალია

რუმინეთი - ბელგია

 

1      საქართველო                                                      8           7           1           0           240-80           33          
2 რუმინეთი 8 7 1 0 204-74 33
3 რუსეთი 8 4 0 4 151-211 18
4 პორტულაგია 8 2 1 5 103-160 11
5 ესპანეთი 8 1 2 5 114-195 10
6 ბელგია 8 0 1 7 104-196 6

 

rugby.ge

0.132511