ავტორიტეტული გერმანული გამოცემის, Bild-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბაიერნის” ესპანელი უნივერსალი ხავი მარტინესი მიუნხენური გუნდის დატოვებას აპირებს.
მარტინესი “ბაიერნში” 2012 წელს გადავიდა. გერმანიაში გატარებული პირველი სეზონი წარმატებული იყო, რასაც ვერ ვიტყვით მიმდინარეზე. ტრავმებით შეწუხებულ ფეხბურთელს არც გუნდის მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა წყალობს. შედეგად, 25 წლის ფეხბურთელმა ბუნდესლიგაში მხოლოდ 17 თამაში ჩაატარა, აქედან 13 სასტარტო შემადგენლობაში.
გერმანელი ჟურნალისტების ცნობით, მარტინესი შექმნილი სიტუაციით უკმაყოფილოა და გუნდის შეცვლას აპირებს. დღეს, მან თავის აგენტს “ბაიერნის” ხელმძღვანელობისთვის ამ ინფორმაციის მიწოდება დაავალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბასკი ფეხბურთელის შეძენით “ბარსელონაა” დაინტერესებული. როგორც ცნობილია, კატალონიური კლუბი სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურობას აპირებს. არაა გამორიცხული, “ბარსა” ალექს სონგმა და ხავიერ მასკერანომ დატოვონ. ამის გათვალისწინებით, დაცვის ცენტრსა და საყრდენი ნახევარცველის პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელი კატალონიელთათვის მისწრება იქნება.