ჭიდაობა

17:11 | 8.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბერძენ-რომაელებს ევროპამდე შეკრებებიღა დარჩათ

 

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას დუშეთის შეკრებით აგრძელებს. ბეგი დარჩიას გაწვრთნილი გუნდი ოლიმპიური მზადების ცენტრში სამი დღის წინ გაფართოებული შემადგენლობით გაემგზავრა.

დუშეთურ შეკრებამდე ქართველმა ბერძენ-რომაელებმა ბაკურიანსა და მინსკშიც ივარჯიშეს და ორ საერთაშორისო ტურნირზეც იჭიდავეს.

ერთი თვის წინ პარიზში გამართულ “ოქროს გრან პრიზე” 4 ოქროსა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. სომბათჰეის “ოქროს გრან პრიზე” კი 3-3 ვერცხლი და ბრინჯაო. საფრანგეთში რევაზ ლაშხი (66 კგ), ზურაბ დათუნაშვილი (75 კგ), გიორგი ცირეკიძე (80 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ) ჩემპიონები გახდნენ. ლაშა გოგიტაძემ (59 კგ), მანუჩარ ცხადაიამ (75 კგ) და ვასილ იმერლიშვილმა (98 კგ) მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს. უნგრეთში საჩინო დავითაიას (66 კგ), მანუჩარ ცხადაიასა (71 კგ) და რობერტ ქობლიაშვილს (85 კგ) უმაღლეს ტიტულამდე თითო გამარჯვება დააკლდათ, ხოლო მინდია წულუკიძე (71 კგ), ზურაბ დათუნაშვილი (75 კგ) და ვლადიმერ გეგეშიძე (85 კგ) მესამე ადგილზე გავიდნენ.

დუშეთის შეკრებას საქართველოს ნაკრები ერთ კვირაში დაასრულებს და მარტის ბოლომდე ბორჯომული შეკრების გავლასაც მოასწრებს. სწორედ ბორჯომში დაასახელებს მთავარი მწვრთნელი ევროპირველობაზე დასაყენებელ შემადგენლობას.

ევროპის ჩემპიონატს 1-6 აპრილს ფინეთის ქალაქი ვანტაა უმასპინძლებს. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113302