ფეხბურთი

17:19 | 16.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბენდელაზე“ ნახევარფინალების ჯერია

ზაზა ბენდელიანის სახელობის თასის 22-ე გათამაშებაში დღეს ბოლო ნახევარფინალისტის ვინაობა გახდა ცნობილი. ქუთაისის “ტორპედოს“ და ცხინვალის “სპარტაკის“ ახალგაზრდული გუნდების შეხვედრა რიონისპირელთა გამარჯვებით - 1:0 დასრულდა და “ბენდელას“ თასისთვის ბრძოლას ისინი გააგრძელებენ.

თამაში ტორპედოელთა საწვრთნელი ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე შედგა და წვიმისა და სუსხის მიუხედავად, თვალსასეირო გამოდგა. მეტოქეებმა დიდი თავგამოდებით იბრძოლეს, ფორტუნამ კი “ტორპედოს“ გაუღიმა.

პირველი ტაიმი უგოლოდ მორჩა. თამაშის განახლებისთანავე სპარტაკელებმა მწვავედ შეუტიეს და მასპინძლები ხარიხამ იხსნა. მალევე ტორპედოელებმაც განახორციელეს სწრაფი იერიში და სტუმართა მეკარე გიორგი გიორგობიანთან პირისპირ გასულმა დემურ კანდელაკმა “ტორპედო“ დააწინაურა. ეს გოლი ერთადერთი აღმოჩნდა ამ დაძაბულ, საინტერესო შეხვედრაში.

“ტორპედომდე“ ნახევარფინალში თამაშის უფლება თბილისის “დინამოს“ და “ვიტ ჯორჯიას“ ახალგაზრდულმა გუნდებმა და ეროვნული ჩემპიონატის მეორელიგელმა გორის “ქართლმა“ მოიპოვეს, რომლებმაც შესაბამისად “ზოოვეტს“(2:1), ხონის “იმერეთს“(3:0) და დედაქალაქურ “იუსი ბესტს“(1:0) მოუგეს.

ნახევარფინალები, “ტორპედო“ - “ვიტ ჯორჯია“ და “დინამო“ - “ქართლი“, 21 თებერვალს გაიმართება. მასპინძელი გუნდები ზეგ დასახელდებიან. რაც შეეხება ფინალურ მატჩს, ის 25 თებერვალს თბილისში “ბენდელაზე“ შედგება. ამ დღეს ზაზა ბენდელიანი 44 წლის გახდებოდა.

დაბოლოს, დღევანდელი მატჩის დაწყებამდე “ბენდელას თასის“ ორგანიზატორებმა, რევაზ მგელაძემ და ქართლოს ჭუმბურიძემ “სპარტაკის“ ახალგაზრდული გუნდის თავკაც მალხაზ ლაცაბიძეს დაბადების დღე მიულოცეს და საჩუქარიც უსახსოვრეს.

იუზა კაციტაძე ქუთაისიდან

ავტორის ფოტოები

0.280599