“რომას” მაროკოელი ცენტრალური მცველი მეჰდი ბენატია იტალიური კლუბის მიერ შეთავაზებული პირობებით უკმაყოფილოა.
ბენატია “რომაში” 2013 წელს გადავიდა და მისმა წარმატებულმა თამაშმა არაერთი ევროპული გრანდის ყურადღება მიიქცია. “რომა” ფეხბურთელის შენარჩუნებას ცდილობს და მას ახალ კონტრაქტს სთავაზობს, მაგრამ როგორც ირკვევა, არცთუ გაუმჯობესებული პირობებით.
“მინდა აღვნიშნო, რომ “რომადან” წასვლის სურვილი არასდროს გამომითქვამს.
როდესაც “რომაში” გადმოვედი, ფულზე უარი ვთქვი. ხელმძღვანელობამ ხელფასის მომატების პირობა მომცა, მაგრამ სეზონის ბოლოს, როდესაც ვალტერ საბატინისთან მივედი, ის პატარა ბავშვივით მომექცა.
“რომასგან” 3 და 4 მილიონი არასდროს მომითხოვია. მაგრამ რასაც კლუბი მთავაზობს – მიუღებელია.
მპირდებოდნენ, რომ ჩემპიონატის მოგების, ან ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში კარგ კონტრაქტს შემომთავაზებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა.” – აცხადებს ბენატია, რომლის შეძენითაც დაინტერესებულნი “ბარსელონა”, “სიტი” და “ბაიერნი” არიან.