წუხელ ევროპის ლიგის მატჩში ლონდონის “ტოტენჰემმა” შინ ფრანგული “ლიონი” 2:1 დაამარცხა. თითქოს გასაკვირი არაფერია, მაგრამ გარეთ ბეილმა ისეთი გოლები გაიტანა, რომ უკვე კრიშტიანუ რონალდოსა და ლიონელ მესისაც კი ადარებენ. საერთოდ, უელსელი წლეულს შესანიშნავ სეზონს ატარებს, ამბობენ, კარიერაში საუკეთესოს და ზაფხულიდან მისი “ტოტენჰემში” დარჩენა ალბათ აღარ მოხერხდება. მადრიდის “რეალი” უკვე აქტიურად ჩაერთო მისი გადაბირების საქმეში და სხვა ბობოლებიც ნერვიულად ბორგავენ.
გუშინ ორივე გოლი მან საჯარიმო დარტყმებით გაიტანა. პირველი ლამის ცენტრიდან, მეორე უფრო ახლოდან, მაგრამ აქ არა მარტო გოლებშია საქმე. მისი დარტყმული ბურთი რაღაც საოცარი ტრაექტორიით მიდის კარისკენ, ადრე “ხმელ ფოთოლს” რომ ეძახდნენ, დაახლოებით ასეთ ფენომენთან გვაქს საქმე. შეიძლება ერთი-ორჯერ გამოგივიდეს, მაგრამ ყოველთვის? “ტოტენჰემის” მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში ამბობს: “მართლაც საოცარია, როცა ის ურტყამს, ბურთი განსაკუთრებულ ძალას იძენს და მიმართულებას ძალიან იოლად იცვლის.”