ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ლონდონში “ჩელსისთან” მიღწეული წარმატების შემდეგ, შვეიცარიული “ბაზელი” გაჩერებას არ აპირებს და ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის პლეი ოფს უმიზნებს.
“სტემფორდ ბრიჯზე” შვეიცარიელებმა პირველი ტაიმი 0:1 დათმეს, მაგრამ მეორე ტაიმში ორი უპასუხო გოლი გაიტანეს და 2:1 იმარჯვეს. 1 ოქტომბერს, “ბაზელი” გელზენკირხენის “შალკეს” მასპინძლობს, რომელმაც საწყის ტურში “სტიაუას” 3:0 სძლია, მანამდე კი, გუნდის მთავარი მწვრთნელი მურატ იაკინი, საკუთარ გეგმებზე უეფას ოფიციალურ საიტს ესაუბრა.
“ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გასასვლელად, ჯგუფში, მინიმუმ, მეორე ადგილის დაკავება გვჭირდება და ახლა ეს, შეუძლებლად სულაც არ მეჩვენება. ჩვენ თამაშის ის სტილი უნდა შევინარჩუნოთ, რომელსაც გასულ სეზონში მივდევდით. შარშან, ევროპის ლიგის გათამაშებაში გარკვეულ წარმატებას მივაღწიეთ. ახლა, ჩემს ფეხბურთელებს მეტის სურვილი აქვთ. რაღა თქმა უნდა, კვლავ ვგეგმავთ შვეიცარიის ჩემპიონატის მოგებას, მაგრამ ევროთასებზეც ვაპირებთ კარგი ფეხბურთის ჩვენებას”, - ამბობს იაკინ.