კალათბურთი

14:55 | 1.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბაუერმანმა 4 დაითხოვა, გორტატი და ლამპე სიაში რჩებიან

ევრობასკეტამდე პოლონეთი და საქართველო ძალებს იტალიურ ტურნირზე მოსინჯავენ

პოლონეთის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დირკ ბაუერმანმა ის 17 მოთამაშე დაასახელა, რომელიც 23 ივლისიდან 2013 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ციკლს დაიწყებს. შეგახსენებთ, რომ პოლონელთა გაფართოებულ შემადგენლობაში 21 კალათბურთელი გახლდათ, ამდენად, ბაურმანს 4 კაცის დათხოვნა მოუხდა.

ყველაზე მოულოდნელი ნაკრებიდან 23 წლის ფორვარდის ალექსანდერ ჩიზის გაშვება იყო. ამ კალათბურთელმა გასული სეზონი იტალიის ჩემპიონატის ფინალისტ “ასეა რომაში” გაატარა და საშუალოდ 14.5 წუთში 5.6 ქულას და 3.6 მოხსნას აგროვებდა.

იტალიაში ირჯებოდა ეროვნულ გუნდს მიღმა დარჩენილი კიდევ ერთი მოთამაშე – ასევე 23 წლის ცენტრი იაკუბ ვოიჩიეხოვსკი. ეს უკანასკნელი რანგით მე-3 დივიზიონ A ნაციონალეს ბინადარ “ტორინოში” ირიცხებოდა და ჩემპიონობაც იზეიმა. პოლონელის საშუალო მონაგარი 14.9 ქულა და 8.7 მოხსნა გახლდათ.

კიდევ 2 კალათბურთელი, რომელიც ნაკრებიდან დაითხოვეს, პოლონეთის ეროვნულ პირველობას წარმოადგენდა: იაკუბ დლონიაკი (ტარნობრჟეგი) და პიოტრ პამულა (ასეკო პროკომ გდინია).

“ეროვნული გუნდისთვის წევრების შერჩევა ყოველთვის პრობლემებთანაა დაკავშირებული. ჩვენ აშშ-ში, იტალიასა და ესპანეთში ვიმყოფებოდით, კანდიდატებს შევხვდით და მათი თამაშები ვნახეთ. ამ ბიჭებმა კიდევ უნდა დაგვანახონ, რომ ნაკრების დახმარება და მისთვის წარმატების მოტანა შეუძლიათ”, - განაცხადა ბაუერმანმა პოლონეთის კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდს.

ცხადია, პოლონელი გულშემატკივარისთვის ყველაზე საინტერესო ეროვნულ გუნდის განაცხადში მარცინ გორტატის შენარჩუნებაა. “ფინიქს სანზის” ცენტრის გარშემო არაერთი ჭორ-მართალი არსებობდა, რასაც ხელს მისი ორაზროვანი განცხადებებიც უწყობდა. ახლა, უკვე ცხადია, რომ გორტატიც და პოლონელთა კიდევ ერთ ცნობილი კალათბურთელი მაჩიეი ლამპე (კახა ლაბორალ ვიტორია, ესპანეთი) ნაკრებთან ერთად იქნებიან.

როგორც აღვნიშნეთ, პოლონეთი, რომელიც მომავალ ევრობასკეტზე საქართველოს ერთ-ერთი მეტოქეა, ტურნირისთვის მზადებას 23 ივლისიდან დაიწყებს, პირველი საკონტროლო მატჩი კი 7 აგვისტოს ელის.

საინტერესოა, რომ 7-9 აგვისტოს პოლონეთის და საქართველოს ნაკრებები იტალიურ ტრენტოს ოთხთა ტურნირში ერთად ითამაშებენ და მეტოქეებად მასპინძელთა და ისრაელის გუნდებიც ეყოლებათ.

13 აგვისტოს ბაუერმანის შეგირდები სტუმრად მოქმედ ევროპის ჩემპიონ ესპანეთს ეთამაშებიან, 17-19 აგვისტოს კი ბელგიურ ტურნირზე მასპინძლებს, იტალიას და ისრაელს დაუპირისპირდებიან.

პოლონელებს ბოლო მოსამზადებელი ეტაპი 23-25 აგვისტოს ელით, როდესაც უკვე შეჯიბრის ადგილას, სლოვენიაში იქნებიან ჩასულნი და ლიუბლიანას ოთხთა ტურნირზე დიდ ბრიტანეთს, შვედეთს და უკრაინას გაეჯიბრებიან.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთის და საქართველოს ნაკრებები ევროპირველობის C ჯგუფში მოხვდნენ და ქალაქ ცელიეში მასპინძელ სლოვენიის, ესპანეთის, ხორვატიის და ჩეხეთის გუნდებთან ერთად ითამაშებენ.

ამ ჯგუფში ასპარეზობა სწორედ საქართველოს და პოლონეთის დაპირისპირებით გაიხსნება. ეს შეხვედრა 4 სექტემბერს გახლავთ დაგეგმილი და ჯგუფში არსებული ძალთა თანაფარდობის გათვალისწინებით, მომდევნო ეტაპის საგზურისთვის ბრძოლაში, უდიდესი მნიშვნელობაც ექნება.

 

პოლონეთის ნაკრების 17-კაციანი შემადგენლობა 2013 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის

მიხაელ ჩილინსკი (ტუროვი), ტომაშ გიელო (ლიბერტი, NCAA), მარცინ გორტატი (ფინიქს სანზი, NBA), ადამ ჰრიჩანიუკი (ვალენსია ბასკეტი, ესპანეთი), მიხალ იგნერსკი (ბანკო დი სარდინია სასარი, იტალია), პრჟემისლავ კარნოვსკი (გონზაგა, NCAA), ტომას კელატი (ვალენსია ბასკეტი, ესპანეთი), ლუკაშ კოშარეკი (ზიელონა გორა), დამიან კულიგი (ტუროვი), მაჩიეი ლამპე (კახა ლაბორალ ვიტორია, ესპანეთი), მიხალ მიხალაკი (ტრეფლ სოპოტი), მატეუშ პონიტკა (ასეკო პროკომ გდინია), შიმონ შევჩიკი (უმანა რეიერ ვენეცია, იტალია), კრჟიშტოფ შუბარგა (ანვილი), ადამ ვაჩინსკი (ტრეფლ სოპოტი), ლუკაშ ვიშნიევსკი (კოშალინი), პრჟემისლავ ზამოისკი (ასეკო პროკომ გდინია).

0.114556