რაგბი

23:09 | 11.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

,,ბათუმმა’’ განმეორებითი შეხვედრა ფორმალობად აქცია

როგორც ქუთაისში გამართულმა შეხვედრამ დაგვანახა, წარმოუდგენლად დიდი ყოფილა სხვაობა საქართველოს სარაგბო პირველობის უმაღლეს ლიგასა და პირველ ლიგას შორის. არადა ,,დინამოს’’ სტადიონზე ერთმანეთს უმაღლესი ლიგის მე-9 ადგილოსანი ბათუმის „ბათუმი’’ და პირველი ლიგის დასავლეთ ზონის გამარჯვებული ქუთაისის „ბაგრატი’’ ხვდებოდნენ. მათ ორმატჩიან დუელს მომდევნო სარაგბო სეზონში უმაღლესი ლიგის მონაწილე უნდა გამოევლინა. მოვლენები ისე განვითარდა, რომ ბათუმში გასამართი საპასუხო შეხვედრა მხოლოდ ფორმალობად იქცა. მართალია ახალგაზრდა რიონისპირელებს თავი არ დაუზოგავთ, მაგრამ აშკარად გამოჩნდა, რომ ქუთაისის „დინამოს’’ მინდორზე, ერთმანეთის პირისპირ ორი განსხვავებული კლასისა და გაქანების გუნდი იდგა.

ზღვისპირელებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს  და მატჩის გამარჯვებულის ვინაობა სათუოდ ერთი წუთითაც არ გაუხდიათ.

შეხვედრა ბათუმელთა უპირატესობით დაიწყო და მათ ლელოს გატანა მატჩის დებიუტშივე   მოახერხეს. მე-3 წუთზე ოდიშარიას წამოწყებული კომბინაცია ნინიძემ გააგრძელა და ბურთი სულხან ევგენიძეს შეაყოლა. ბათუმელთა ფულბეკმა მეტოქის ხაზი იოლად გაარღვია და ბურთი ძელებს შუა დაამიწა. ხელსაყრელი პოზიციიდან რეალიზაციის გამოყენება ოდიშარიას არ გასჭირვებია - 0:7.

 ბარემ აქვე იმასაც ვიტყვით, რომ აჭარლებმა ამ თამაშში 10 ლელო გაიტანეს და გარდასახვა 100% - იანი სიზუსტით შეასრულეს. 6 - ჯერ ეს ოდიშარიამ მოახერხა, ხოლო 4 - ჯერ მეორე ტაიმში მის შემცვლელად შესულმა ბაკურ ჩუბინიძემ.

მეორე ლელოს გატანას ზღვისპირელებმა სულ ხუთიოდე წუთი მოანდომეს. ბათუმლებმა მასპინძელთა ჩათვლის მოედანთან დანიშნული შერკინება მოიგეს და მეტოქე მძლავრი ბიძგით საკუთარ ლელოში შეათრიეს. ბურთი კაიკაციშვილმა დაამიწა - 0:14.

მე -13 წუთზე აჭარლებმა სხვაობა კიდევ უფრო გაზარდეს. რიონისპირელებმა საკუთარ 22 - იანში აუტი მოიგეს, მაგრამ გამოცდილმა გოშაძემ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, რითაც კარგად ისარგებლა ოდიშარიამ, მან ბურთი მეტოქეს აართვა და ჩათვლის მოედანში შეირბინა - 0:21.

ამის შემდეგ თამაში ცოტა ხნით გათანაბრდა, თუმცა ტაიმის ბოლოსკენ ისევ სტუმართა უპირატესობა გამოიკვეთა, რასაც გიგაშვილისა და კორტავას ლელოები მოჰყვა. ხოლო ტაიმის უკანასკნელ წუთზე კაიკაციშვილმა თავისი მეორე ლელო მიითვალა და პირველი ტაიმის ანგარიში დააფიქსირა - 0:42.

შეხვედრის მეორე ნახევარი განსხვავებული სცენარით დაიწყო. ამჯერად უპირატესობამ რიონისპირელთა მხარეს გადაინაცვლა. მათ მეტოქეს რამდენჯერმე სახიფათოდ შეუტიეს და ზედიზედ ორჯერ კარში დასარტყამი ჯარიმების გამომუშავებაც მოახერხეს, მაგრამ ორივეჯერ ბურთი აუტში გადაიტანეს და ლელოზე თამაში ამჯობინეს, თუმცა მათი მცდელობა ორივეჯერ უშედეგოდ დასრულდა. მიუხედავად ამისა რიონისპირელებს შეტევები არ შეუწყვეტიათ და 47-ე წუთზე  მურმან საკანდელიძემ ისეთი ლელო გაიტანა, რომლის ავტორობაზე არც ერთი სახელოვანი მორაგბე უარს არ იტყოდა. ,,ბაგრატის“ ახალგაზრდა ფულბეკი მოედნის ცენტრიდან დაიძრა, მან სლალომით რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა და აჭარელთა ჩათვლის მოედანს მიაღწია, მართალია აქ მას ბათუმლები წამოეწივნენ, თუმცა საკანდელიძემ ბოლომდე იბრძოლა და ბურთი ჩათვლის ხაზზე დაამიწა. ბერძენაძის ზუსტი გარდასახვით მასპინძლებმა ანგარიში ,,დაასველეს“ – 7:42.

ქუთათურთა მიძალება საათის მიწურულამდე გაგრძელდა, თუმცა ამის შემდეგ აშკარად გამოჩნდა, რომ მეტოქეს მატჩის ბოლოსთვის გაცილებით მეტი ძალა შერჩენოდა. ბათუმლებმა დარჩენილ 20 წუთში კიდევ  4 ლელო მიითვალეს, რაც შეცვლაზე შესულმა ჩუბინიძემ ოთხივეჯერ ზუსტად გარდასახა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 7:70.

მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა’’ ორივე გუნდის მწვრთნელს კომენტარი ჩამოართვა:

ბექა სხულუხია (,,ბაგრატი’’) - ,,სულ 7-8 თვის შექმნილი გუნდი ვართ. კარგია, რომ ასეთ მეტოქეს შევხვდით. ბიჭები გამოცდილებას მიიღებენ. მომავალ სეზონში გაცილებით უკეთ ვიასპარეზებთ და უმაღლეს ლიგაში გადასასვლელადაც ვიბრძოლებთ.’’

ლევან  მგელაძე (,,ბათუმი’’)  - ,,სათქმელი ბევრი არაფერი მაქვს. კარგი იყო ჩვენი მდგომარეობა ამ დონეზე არ მიგვეყვანა და ამაზე თავიდანვე გვეზრუნა. რაც შეეხება დღევანდელ მატჩს  კლასში სხვაობა იგრძნობოდა.”

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი.

უმალეს  ლიგაში  გადასასვლელი მატჩი.
11
მაისი. კვირა. ქუთაისი. ,,დინამო“. 16:00 საათი. 500 მაყურებელი.

ბაგრატ (ქუთაისი) - ბათუმი (ბათუმი)  7:70  (0:42)

ბაგრატ: 15. საკანდელიძე 14. ფრუიძე (მუსერიძე), 13. ბალანჩივაძე, 12. ცნობილაძე, 11. კუპრაშვილი (მახარობლიძე), 10. გოშაძე,  9. ბერძენაძე (კ) (ლეკვეიშვილი), 1. ბოგვერაძე (უფლისაშვილი), 2. გუდავა (ნუცუბიძე), 3. ჭელიძე, 4. კიკვაძე, 5. ბოჭორიშვილი (ჩიტეიშვილი), 6. გ. კობახიძე, 7. გ. ულუმბელაშვილი, 8. კენჭაძე (იობიძე);

ლელოსაკანდელიძე; 
გარდასახვა:  ბერძენაძე;

მწვრთნელი : ბექა სხულუხია;

ბათუმ: 15. ს. ევგენიძე, 14. მიმინოშვილი, 13. ნინიძე, 12. ხონელიძე (ოქროპირიძე), 11. ბ. ევგენიძე (ვენი), 10. ოდიშარია (ჩუბინიძე), 9. შამულო, 1. ხოჭოლავა (სულაბერიძე), 2. გიგაშვილი (კელენჯერიძე), 3. კაიკაციშვილი (რ. ბერიძე), 4. დავითაძე, 5. ხელაძე, 6. ცირეკიძე, 7. კორტავა  (ნაგერვაძე)8. გუგუშვილი (კ);


10 ლელო: ს.ევგენიძე,  კაიკაციშვილი (2),  ოდიშარია,  გიგაშვილი,  კორტავა, სულაბერიძე,  შამულო,  ნინიძე,  კელენჯერიძე;
10 გარდასახვა: ოდიშარია (6),  ჩუბინიძე (4);

მწვრთნელი: ლევან მგელაძე;

მთ. მსაჯი:  ნიკა  ამაშუკელი;
/:  გიორგი  ტრაპაიძე,  ონისე  მოგელაშვილი;

0.124885