ფეხბურთი

0:40 | 17.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმელებმა დამსახურებულად გაიმარჯვეს

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეოთხე ტურის ერთ-ერთი გადადებული შეხვედრა ქობულეთში გაიმართა, სადაც ბათუმის ,,დინამომ” მარტვილის ,,მერანს” უმასპინძლა.

თამაში აჭარელთა უპირატესობით დაიწყო და მათ ანგარიშის გახსნა მატჩის დებიუტშივე მოახერხეს. მე-4 წუთზე სტუმრები საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს დაჯარიმდნენ. მუჯირის ჩაწოდებულზე ყველაზე მარჯვედ ტეტუნაშვილი გაისარჯა, მან მცველებს დაასწრო და ზუსტი თავური დარტყმით მარტვილელთა კარის ბადე შეარხია – 1:0.

ტაიმის მესამედის მიწურულს სტუმრებიც გამოცოცხლდნენ. მათი პირველივე საპასუხო შეტევა შედეგიანი გამოდგა. წყაროზიამ მოედნის ცენტრიდან წინ გადაინაცვლა და 25 მეტრიდან ძლიერი ზუსტი დარტყმით ბურთი აჭარელთა კარის მარცხენა კუთხეში მოათავსა – 1:1.

ამის შემდეგ თამაში გარდამავალი უპირატესობით გაგრძელდა. ტაიმის შუაწელს მარტვილელები ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობის გაკეთების მცდელობისას შეცდნენ, რითაც კარგად ისარგებლა კაკალაძემ. იგი მეკარესთან პირისპირ გავიდა და ძლიერი დარტყმა განახორციელა. ბურთი კარის ძელმა აისხლიტა, ხოლო დამატებაზე ბათუმლებმა ვეღარ ივარგეს და მცველებმა სიტუაცია განმუხტეს. ამ მომენტში სტუმრები თვლიდნენ, რომ აჭარელთა გამოცდილმა ფორვარდმა ბურთი ხელით გაისწორა და არბიტრს კამათი დაუწყეს. ხვიჩა გაგნიძემ აღნიშნულ ეპიზოდზე სათანადო რეაგირება მოახდინა და მამალაძე გააფრთხილა.

თითქმის მაშინვე ციცხვაიას ჰქონდა თავის გამოჩენის შესაძლებლობა, მაგრამ მცველებმა ბოლომდე იბრძოლეს და სიტუაცია განმუხტეს.

ნახევარი საათის მიწურულს საკამათო სიტუაცია შეიქმნა. შეტევაში ჩართული სუხიაშვილის გამჭოლი გადაცემა ერთ-ერთ მარტვილელს ხელზე შეეხო. ,,მასპინძლები” პენალტს ითხოვდნენ, თუმცა არბიტრმა შეხვედრის გაგრძელება ბრძანა, რითაც აჭარელი ფეხბურთელები გაანაწყენა.

მალე ულამაზესი გოლიც ვიხილეთ. ბათუმელთა კომბინაციის დამამთავრებელ ფაზაში ბურთს მუჯირი დაეუფლა და საჯარიმოს მისადგომებიდან უძლიერესი დარტყმით მარტვილელთა კარის ცხრიანში მოათავსა. მამალაძის თავგანწირულმა ნახტომმა მხოლოდ ეპიზოდი გაალამაზა – 2:1.

ტაიმის მიწურულს სტუმრებს ანგარიშის გათანაბრება მართებდათ. წყაროზიას ჩაწოდებულ საჯარიმოზე ციცხვაია მეკარის ბაქანზე სრულიად უმეთვალყუროდ აღმოჩნდა. მარტვილელ ფეხბურთელს ხელს არავინ უშლიდა, თუმცა მისი თავური დარტყმა ძელს მოხვდა, ხოლო გამოვარდნილ ბურთზე აჭარლებმა იმარჯვეს და სიტუაცია განმუხტეს.

მატჩის მეორე ნახევარი სანახაობრივად ნაკლებად მიმზიდველი გამოდგა. მინდვრის ხელოვნურ საფარზე ფეხბურთელები დაიღალნენ და სწრაფი მოძრაობა უჭირდათ. ტექნიკური წუნიც მრავლად შეინიშნებოდა, ამიტომ სახიფათო მომენტებიც უფრო იშვიათად იქმნებოდა. შეხვედრის ასეთი მიმდინარეობა ხელს აჭარლებს აძლევდათ. ისინი ბურთს მოედნის ცენტრში აკონტროლებდნენ და სიტუაციის გამწვავებას ერიდებოდნენ. უმეკარეო თამაში დაახლოებით ნახევარი საათი გაგრძელდა.

მატჩის უკანასკნელი თხუთმეტწუთეული კვლავ საინტერესო გამოდგა და იგი ნომინალურ მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა.

76-ე წუთზე შეტევაში ჩართულმა შონიამ დრიბლინგით რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა და მის შესახვედრად გამოსულ მამალაძეს ბურთი თავზე გადაუგდო. გოლი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ ლომაშვილმა ბურთის კარის ხაზიდან გამოტანა მოახერხა. 3 წუთის შემდეგ ისევ შონია აღმოჩნდა ხელსაყრელ სიტუაციაში, თუმცა ამჯერად მეკარემ იმარჯვა და დარტყმა მოიგერია.

მე-80 წუთზე დუბლის შესრულებას მუჯირი ცდილობდა. აჭარელთა უბერებელი კაპიტნის გასროლა ოდნავ ასცდა მიზანს. 82-ე წუთზე თანაგუნდელებმა ბერიაშვილი მეკარის პირისპირ გაიყვანეს, მაგრამ მამალაძეც სანაქებოდ გაისარჯა, მან კარი დროულად დატოვა და ფორვარდს ბურთთან წამით მიასწრო.

აჭარელთა მონდომებამ შედეგი 84-ე წუთზე გამოიღო. მარცხენა ფრთიდან ჩირიკაშვილის ჩაწოდებულ საჯარიმოს ტეტუნაშვილმა თავით მიმართულება შეუცვალა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1.

მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა” ორივე გუნდის მწვრთნელებს კომენტარი ჩამოართვა:

ასლან ბალაძე (,,დინამო”): ,,პირველი ტაიმი გაცილებით უკეთესად ვითამაშეთ. მატჩებს შორის მცირე ინტერვალი გვაქვს, ამიტომ ბიჭები დაიღალნენ და სათანადოდ ვეღარ გაისარჯნენ, თუმცა შედეგით კმაყოფილი ვარ. აუცილებლად ცალკე აღნიშვნის ღირსია გუნდის კაპიტანი მუჯირი. 40 წლისაა და თითქმის მთელ მატჩს ერთ დონეზე თამაშობს. იმედი გვაქვს იგი გუნდს კიდევ დიდხანს გამოადგება.“

შალვა ღონღაძე (,,მერანი”): ,,მართალია ბურთს ხშირად ვაკონტროლებდით და კომბინაციური თამაშიც გამოგვდიოდა, მაგრამ ფეხბურთში ის გუნდი იგებს ვისაც მეტი გოლი გააქვს. ვულოცავ მეტოქეს დამსახურებულ გამარჯვებას.”

,,დინამო” (ბათუმი) -,,მერანი” (მარტვილი) 3:1 (2:1)
16 სექტემბერი
. 16:00 სთ. ,,ჩელე არენა”. 500 მაყურებელი.                                   

,,დინამო ”:  ალავიძე, სუხიაშვილი, შონია, გავაშელიშვილი, ქორიძე (დიასამიძე 61), მახარაძე, ტეტუნაშვილი, ჩირიკაშვილი, მ.კაკალაძე (გოგიტიძე 46), მუჯირი (კ) (ჭკუასელი 81), ბერიაშვილი;

მთავარი მწვრთნელი:  ლევან ხომერიკი

,,მერანი”:  მამალაძე (კ), ლომაშვილი, ორბელაძე, ჯღამაია (შულაია 56), წყაროზია, ფონიავა (ჩიმაკაძე 62), მელიავა, კიკნაველიძე, გეგეჭკორი, ციცხვაია (ხარშილაძე 81) დ.ბოლქვაძე;

მთავარი მწვრთნელი:  შალვა ღონღაძე

გოლები:  1:0 ტეტუნაშვილი (4), 1:1 წყაროზია (16), 2:1 მუჯირი (39), 3:1 ტეტუნაშვილი (84);

გაფრთხილება:  მამალაძე (25), გეგეჭკორი (31), გავაშელიშვილი (55);

არბიტრი:  ხვიჩა გაგნიძე

0.256538