ფეხბურთი

23:07 | 19.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონური“ ამბები - ლუის ენრიკე და ტერ შტეგენი მოდიან, პინტო მიდის

19 მაისი „ბარსელონასთვის“ დატვირთული დღე იყო. ამ დღეს, კატალონიელებმა ლიონელ მესისთან კონტრაქტი გაახანგრძლივეს, რასაც მთელი რიგი ოფიციალური განცხადებების გავრცელება მოჰყვა.

ოფიციალურად დადასტურდა, რომ „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ხერარდო მარტინოს ლუის ენრიკე შეცვლის. კატალონიელთა ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ლუის ენრიკე „ბარსელონაში“ 1996-2004 წლებში თამაშობდა. კატალონიური გუნდის მაისურით მან 300 შეხვედრა ჩაატარა და 109 გოლი გაიტანა. 2008-2011 წლებში ენრიკე „ბარსა ბ“-ს წვრთნიდა, რის შემდეგაც ის „რომასა“ და „სელტაში“ მუშაობდა.

ასევე ცნობილი გახდა, რომ „ბარსელონამ“ „გლადბახის“ 22 წლის მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი გაიფორმა. მისი კონტრაქტის დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

ოფიციალურად დადასტურდა ხოსე მანუელ პინტოს გუნდიდან წასვლაც. 38 წლის მეკარე „ბარსელონაში“ 2008 წლის იანვრიდან თამაშობდა. კატალონიური კლუბის მაისურით მან 90 თამაში ჩაატარა და 15 ტიტული მოიგო.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ რაფინია ალკანტარა და ჟერარ დეულოფეუ "ბარსელონაში" დაბრუნდებიან. პირველმა მათგანმა, ლუის ენრიკეს "სელტაში" გატარებული ერთი სეზონის განმავლობაში, 32 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გააცემა გააკეთა. რაც შეეხება დეულოფეუს - "ევერტონში" განათხოვრებულმა ფეხბურთელმა, 25 მატჩში თავი 3-3 გოლითა და შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

0.10949