აქ ევროპის ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრებში ქართველი ლეგიონერების ამბებზე დავწერთ: კახა ცხადაძის გაწვრთნილმა ბაქოს "ინტერმა" საშინაო 1:1-ის შემდეგ, სტუმრად 2:0 მოუგო ფინურ "მარიეჰამნს". გიორგი ლომაია, ალექსანდრე იაშვილი, ბაჩანა ცხადაძე და თბილისის "დინამოდან" გადასული მიკელ ალვარო სასტარტოში იყვნენ, ლაშა სალუქვაძე კი საპირველეტაპო განაცხადში არ გახლდათ და შესაბამისად, არ უთამაშია.
ლომაია და ალვარო შეუცვლელად გაისარჯნენ, იაშვილი 69-ე და ცხადაძე 73-ე წუთზე შეცვალეს. ანგარიში 21-ე წუთზე ბაჩანა ცხადაძემ გახსნა პენალტით... "ინტერი" II ეტაპზე ნორვეგიის "ტრომსიოს" შეხვდება.
ასევე გავიდა ნიკა გელაშვილის "ყარაბაღი", რომელმაც მაკედონიურ "მეტალურგს" შინაც 1:0 აჯობა. გელაშვილმა 88 წუთი ითამაშა, აქტიური იყო და 3 კარგი მომენტიც ჰქონდა, თუმცა ვერ გამოიყენა. "ყარაბაღი" II ეტაპზე პოლონურ "პიასტს" შეხვდება.
ბაქოს "ინტერისგან" განსხვავებით, სირცხვილი ჭამა ფინური ტურკუს "ინტერმა", რომელმაც სტუმრად 1:1-ის შემდეგ, შინ 0:1 წააგო ფარერების "ვიკინგურთან". ტურკუელთა ქართველმა ბომბარდირმა ირაკლი სირბილაძემ შეუცვლელად ითამაშა.
ტალინის "ფლორა", სადაც ქართველი მცველი გურამ მიქაძე თამაშობს, ალბანურ "კუკეშისთან" გავარდა. ესტონეთში 1:1-ის შემდეგ, "ფლორამ" გასვლაზე 0:0 ითამაშა. მიქაძე სასტარტოში გახლდათ და 86-ე წუთზე შეცვალეს.
შოთა ჯიქიას "განძასარს" შინ 1:2 ჰქონდა წაგებული ყაზახურ "აკტობესთან" და დღეს გასვლაზეც ამ ანგარიშით დამარცხდა. ჯიქიამ 64 წუთი ითამაშა.
თამაზ პერტიას გაწვრთნილ რიგის "სკონტოს" სტუმრად 1:0 ჰქონდა მოგებული "ტირასპოლთან", თუმცა ამავე ანგარიშით დამარცხდა შინ, დამატებით დროში გოლი არ გასულა და "სკონტომ" პენალტებში იმარჯვა. 18 წლის მცველმა ლაშა დვალმა 120 წუთი ითამაშა (პენალტი არ დაურტყამს), ირაკლი კლიმიაშვილი და ლადო დათუნაშვილი სათადარიგონი იყვნენ, ხოლო ლევან ჭაჭიაშვილი განაცხადში არ იყო. "სკონტო" II ეტაპზე ჩეხურ "ლიბერეცს" დაუპირისპირდება.
გავიდა "ვენტსპილსიც", რომელმაც უელსურ "აირბუსთან" სტუმრად დასრულებული 1:1-ის შემდეგ, შინ 0:0 ითამაშა. "ვენტსპილსის" ქართველი ნახევარმცველი თორნიკე თარხნიშვილი სათადარიგო გახლდათ და მინდორზე არ შეუყვანიათ. "ვენტსპილსი" II ეტაპზე ლუქსემბურგის "ჟენესს" ხვდება. იღბალიც ასეთი უნდა - ჯერ "აირბუსი", ახლა "ჟენესი"...